ბიზნესი
16/09/2020

კარანტინის დროს გაორმაგებული გაყიდვები – პანდემიამ Everlady-ს კონცეფციის ცვლილებისკენ უბიძგა

ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების მაღაზიის Everlady–ს კარანტინის პერიოდში გაყიდვები გაუორმაგდა.

კომპანიის დამფუძნებლის მარიამ მახარობლიძის თქმით, გაყიდვების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ კარანტინის პერიოდში, კერძოდ მარტში იყო.

„იქიდან გამომდინარე, რომ ტრადიციული „შოპინგის“ შესაძლებლობა მომხმარებელს არ ეძლეოდა, უმეტესობამ დისტანციური შესყიდვის არხებს მიმართა. ასევე, მივმართავდით აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს. მზარდი აქტივობის ტენდენცია შეწყდა მას შემდეგ, რაც მოიხსნა მკაცრი რეგულაციები. აპრილიდან ივლისამდე არ იყო მკვეთრი კლება-მატება. რასაც ვერ ვიტყვით აგვისტოზე, რადგან გაყიდვების მოცულობის მკვეთრი შემცირებაა,“ – აღნიშნა მარიამ მახარობლიძემ.

Everlady–ს წარმომადგენლის თქმით, პანდემიის გამო, ახალი პროდუქტის დამატებას არ გეგმავენ.  

„ვაპირებდით გაყიდვების სხვა არხების განვითარებას, მაგრამ ეს გეგმა ჩაიშალა. იმის გამო, რომ მასალა არ არის ადგილობრივი წარმოების, იყო მცირედი შეფერხება, ერთ–ერთ მოდელს საერთოდ ვეღარ ვამზადებდით. ახლა ვხედავ, რომ ჩემი პროდუქტის მომხმარებლამდე მისატანად არ არის საჭირო მქონდეს მაღაზია ან დახლი. ხშირად გვაქვს ფასდაკლებები  და ინდივიდუალური შეთავაზებები, მომხმარებელთან მუდმივი კონტაქტი,“ – ამბობს EVERLADY–ის დამფუძნებელი.

ჩანთების და აქსესუარების ღირებულება გათვლილია დაბალ და საშუალო სეგმენტზე და ფასები 25-დან 80 ლარამდე მერყეობს.

 

 

 

Businesspartner