ბიზნესი
10/06/2022

ქართული ბრენდი "ეგო" საორსულე ტანსაცმლის მაღაზიის გახსნას გეგმავს

ორსულების და მეძუძური დედების ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია „ეგო“  სექტემბერში ბრენდული მაღაზიის გახსნას გეგმავს.განიხლება თბილისსა და ბათუმში სპეციალური სავაჭრო წერტილების გახსნაც.

კომპანია, რომელიც ორმა პარტნიორმა, ანკა და  გვანცა ქაჯაიებმა დააფუძნა, ამჟამად პროდუქციას ონლაინ მაღაზიის საშუალებით ყიდის.

თავად 4 შვილის დედა ანკა ქაჯაია „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ბრენდული მაღაზია ტურისტულად აქტიურ ქუჩაზე, თბილისის ძველ უბანში გაიხსნება.

„ეს არის ბრენდი, რომელიც ბუნებრივი ქსოვილისგან იქმნება და საქმიან ორსულებზე ზრუნავს.დღეს ბაზარზე ორსულებისთვის  არსებობს სპორტული ხაზი, თუმცა, კლასიკური - არა. სწორედ ამისა გამო ჩავატარეთ ბაზრის კვლევა, ბიზნეს შეხვედრებისთვის  ვის როგორი სამოსი სჭირდებოდა.

ხაზგასასმელია ის,რომ ორსულობაშიც კი თანამედროვე დედები საკმაოდ აქტიურები ვართ, არ ვდუნდებით. ორსულობა არ არის უკან გადადგმული ნაბიჯი, პირიქით. ამიტომ შეიქმნა „ეგო“.  ჩვენი სამოსის მორგება შეიძლება როგორც ორსულობაში, ასევე ორსულობის შემდგომ პერიოდშიც,“-აცხადებს ანკა ქაჯაია.


მისივე ინფორმაცით, კომპანია „ეგო“ ტრანსფორმირებად მოდელებს ქმნის.  ყველა სამოსს აქვს დეტალი, რომელიც ზომას ცვლის.

“რაც ასევე  საკმაოდ მნიშვნელოვანია - არცერთი ქართული და უცხოური ბრენდი არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ გამოვიძახოთ რამოდენიმე ლუქი და შემდეგ უფასოდ უკან დავაბრუნოთ. თითქმის ყველა თანხას წინასწარ ითხოვს.ჩვენ კი ორსულებს შეგვიძლია გავუგზავნოთ 3 ზომა/მოდელი,არ მორგების შემთხვევაში კი დააბრუნონ უკან და  მხოლოდ კურიერის მომსახურების საფასური გადაიხადონ,“-აცხადებს ქაჯაია.

„ეგოს“ თანადამფუნებელი აღნიშნავს, რომ კომპანიას ქსოვილები იტალიიდან და თურქეთიდან შემოაქვს. „გყვავს კონტრაქტორი კომპანიები,რომლებიც ქსოვილებს ექსკლუზიურად გვთავაზობენ,“-აცხადებს ქაჯაია.

მისი განცხადებით, „ეგოს“ პროდუქცია  უკვე გავიდა ექსპორტზე. საქართველოში შექმნილმა საორსულე სამოსმა აშშ-ში საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა.  

„ეგო“ ბაზარზე სულ რამდენიმე თვეა რაც ოპერირებს. მოდელები პარტნიორ საწარმოში იქმნება, რომელშიც 7 ადამიანია დასაქმებული.

Businesspartner