ბიზნესი
05/12/2020

“ქართული გოზინაყი“ გულსართით, შოკოლადით და სხვა თხილეულით – კომპანიის გეგმები

კომპანია JB GROUP უკვე 11 წელია მომხმარებელს ნატურალური თაფლით დამზადებულ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს – გოზინაყს სთავაზობს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ანა ბარამიძე ამბობს, ბაზარზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად, ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს პროდუქტის გამრავალფეროვნება, წარმოების და სეზონურობის გაზრდა წარმოადგენს.

„საახალწლო შეფუთვის გარდა, უახლოეს გეგმებშია ახალი ხაზის დამატება, მაგალითად, გოზინაყი გულსართით, შოკოლადით, სხვა თხილეულით და ა.შ. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 38 000 ლარს შეადგენს, რომელიც გათვლილია წარმოებისათვის და ჩვენი საკუთარი ფართის გარემონტება–მოწყობისთვის. თანადაფინანსების მოთხოვნით „აწარმოე საქართველოში“ ვიღებთ მონაწილეობას, რომლის პირველი ეტაპიც წარმატებით გადავლახეთ.

უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის დეკემბერში იგეგმება გამოფენა დიდ ბრიტანეთში, შემდგომში ქართული პროდუქციის ექსპორტის მიზნებისათვის, სადაც შეირჩა ჩვენი პროდუქტიც, თუმცა,„ პანდემიის გამო გამოფენის თარიღმა გადაიწია.“ – აღნიშნავს ანა ბარამიძე.

„ქართული გოზინაყის“ პროდუქტის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მზადდება ხელით, ყოველგვარი ტექნოლოგიის გამოყენების გარეშე. გამოირჩევა ორიგინალური შეფუთვით, რომლის დიზაინიც თავდაპირველად მხოლოდ საახალწლო იყო, შემდეგ დაემატა შეფუთვები ტურისტული ზონისთვის. კომპანია კორპორატიულ დაკვეთებს ასრულებს, თუმცა წელს მოთხოვნა შემცირებულია.

„სხვა კომპანიების მსგავსად, გადავედით ონლაინ გაყიდვებზე. რაც შეეხება გამოწვევებს, საგრძნობლად გაიზარდა დელივერი სერვისის მომწოდებელი კომპანიების მიწოდების ტარიფი. თუმცა, არსებული ეკონომიკური სიტუაციის გათვალისწინებით შარშანდელი ფასი შევინარჩუნეთ. პროდუქციის პრომოციისთვის ვიყენებთ მხოლოდ სოციალურ მედიას და ინფლუენს მარკეტინგს“– ამბობს კომპანიის დირექტორი.

 

Businesspartner