ბიზნესი
21/09/2020

"ქართული ლუდის კომპანიამ“ 2019 წელი 3,7 მლნ-იანი ზარალით დაასრულა

„ქართული ლუდის კომპანია“ საექსპორტო ბაზრებზე გააქტიურებას გეგმავს, - ამის შესახებ კომპანიამ ინვესტორებს წლიური ანგარიშით აცნობა.

ლუდისა და არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა კომპანიამ 2019 წლის 3.7 მლნ ლარის ზარალზე განაცხადა, 2018 წელს 7.3 მლნ-იანი მოგების შემდეგ. გასულ წელს შემცირებული იყო შემოსავლებიც, 5%-ით, 87.8 მლნ-დან 83.8 მლნ-მდე.

გაზრდილმა კონკურენციამ, რაც გამოწვეულია ბაზარზე ახალი დიდი მოთამაშის შემოსვლით და ქსელური სავაჭრო ობიექტების ზრდამ ნეგატიური გავლენა იქონია ბიზნესის მომგებიანობაზე, რაც ციფრებში შემდეგნაირად აისახა:

საერთო მოგება 35,417 მლნ - მარჟა  42%  (2018 წ - 38,106 მლნ/მარჟა - 43% )

მოგება საოპერაციო საქმიანობიდან 5,012 მლნ - მარჟა 6% (2018 წ -  9,883 მლნ, მარჟა - 11%)

„ლუდის ბაზარი საქართველოში საკმაოდ აქტიურია, თუმცა, ბაზრის ზრდა ბოლო წლებში შენელებულია. ბაზარმა პიკს 2014 წელს მიაღწია, მაგრამ აქციზის გადასახადის ზრდასთან ერთად (გაიზარდა 0.40 ლარიდან 0.60 ლარამდე ლიტრზე) ბაზარი შემცირდა და დღემდე არ მიუღწევია 2014 წლის შედეგისთვის“,  - ნათქვამია წლიურ ანგარიშში.

2019 წლისა და 2018 წლის 31 დეკემბრისთვის კომპანიის უშუალო და საბოლოო მშობელი კომპანია იყო შპს „მიქსორი“ (63.5%).  „ქართული ლუდის კომპანიის“ დანარჩენ აქციებს ფლობს:  შპს „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის ჰოლდინგი“ (24.11%) და შპს „პსპ ფარმა“ (12.39%).

 

 

Businesspartner