ბიზნესი
02/12/2020

ქართული წარმოების სამზარეულოს ტექნიკა - რა სიახლეებს შესთავაზებს ბაზარს სტარტაპი “გუას გრილი“

კომპანია „გუას გრილი“  რესტორნებისთვის საჭირო სამზარეულოს ტექნიკას ადგილობრივად ამზადებს.

როგორც „გუას გრილის“ დამფუძნებელმა გუალი კვიციანმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, კომპანია წლებია ბაზარზეა და რკინის მასალისგან სხვადასხვა სახის ბუხარს და გამათბობელს ამზადებს.

მიმდინარე წლის დასაწყისიდან კომპანიამ სარესტორნო მიმართულებით დაიწყო საქმიანობა და უკვე აწარმოებს პიცის საცხობ ღუმელს, შესაბოლ და სასტეიკე საცხობებს, სტეიკის შესაწვავი გრილის აპარატს.  

„მასალას ადგილობრივად ვყიდულობთ, რაც შეეხება რეალიზაციას, პანდემიამდე რამდენიმე ქართული რესტორნის დაკვეთით ვიმუშავეთ, მათ შორის იყო „ქვევრი“. ახლა კი როდესაც სარესტორნო ბიზნესი გაჩერდა, მუშაობა ჩვენც აღარ გვაქვს“, - აცხადებს გუალი კვიციანი.

„გუას გრილის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ადგილობრივად დამზადებული პროდუქცია როგორც ფასით, ისე ხარისხით კონკურენციას იმპორტირებულს უწევს.

„როდესაც ჩვენ ღუმელს ან სტეიკის აპარატს 5 000 ლარად ვამზადებთ, იგივე მასშტაბის და ბევრად დაბალი ხარისხის იმპორტიორებული ბევრად ძვირი ღირს, რადგან მას განბაჟების თანხაც ემატება“, - აცხადებს  გუალი კვიციანი.

მისი განცხადებით, უახლოეს მომავალში კომპანია შედარებით მცირე ზომის გრილის  აპარატების და პიცის საცხობი ღუმელების წარმოებას დაიწყებს.

„მცირე მასშტაბის გრილებს გამოიყებენ აგარაკებზე, კერძო სახლებში,ვფიქრობთ, რომ პანდემიის პერიოდში საზოგადოებისთვის ამ მიმართულების განვითარება საკმაოდ საინტერესო იქნება. სააგარაკე გრილების ფასი  საავარაუდოდ, 900-1000 ლარი იქნება“, - აცხადებს გუალი კვიციანი.

Businesspartner