ბიზნესი
23/03/2023

ქართულმა სტარტაპ კომპანია Elven Technologies-მა აშშ-ს საელჩოს კონკურსში გაიმარჯვა

ქართულმა სტარტაპ კომპანია Elven Technologies-მა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა და ის  SelectUSA საინვესტიციო სამიტზე გაემგზავრება. ამის შესახებ ინფორმაციას  საელჩო ავრცელებს.

"ვულოცავთ ქართულ კომპანია Elven Technologies-ს  ჩვენს პირველ სტარტაპ კონკურსში გამარჯვებას! დარწმუნებული ვართ, რომ თავისი ინოვაციური იდეებით Elven-ი ბევრს დააინტერესებს მაისში, SelectUSA საინვესტიციო სამიტზე, რომელიც თავს მოუყრის ამერიკულ კომპანიებსა და 70-ზე მეტი უცხოური ბაზრის 1200 ბიზნესინვესტორს.
 

მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს, რომლებმაც რეალობად აქციეს ეს კონკურსი: Startup Connect, American Chamber of Commerce in Georgia, TBC - თიბისი, Marketer.ge, Silk Hospitality • სილქ ჰოსფითალითი“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ინოვაციური ტექნოლოგიების კომპანია Elven Technologies-ი 2019 წლის გაზაფხულიდან მეხანძრის ცეცხლგამძლე უნიფორმის შექმნაზე მუშაობს, რომელიც აღჭურვილია შიდა გაგრილების სისტემით და მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. ქართული ხელწერით წარმოებული უნიფორმის ავტორები ირწმუნებიან, რომ მათ მიერ შექმნილი კოსტიუმი მეხანძრეს დაცულობის მაღალ გარანტიას აძლევს.

Elven Technologies-ის გუნდს მიღებული აქვს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000 ლარიანი და ევროსაბჭოს 30 000 ევროს გრანტი. ასევე, გუნდმა პირველი საინვესტიციო რაუნდი $160 000-ის 2020 წლის ბოლოს დახურა, რომელშიც ცხრა ინვესტორი მონაწილეობდა. მათ შორის იყო Technovate ამერიკული ვენჩურული სტუდიო Silicon Valley-დან. 

Businesspartner