ბიზნესი
03/08/2022

კასპის საკონსერვო ქარხანა ნატურალური წვენების წარმოებას აგვისტოს ბოლომდე დაიწყებს

კასპის საკონსერვო ქარხანა უალკოჰოლო სასმელების ბაზარზე შედის.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის ერთ-ერთმა დირექტორმა ოთარ მერებაშვილმა განუცხადა, ნატურალური წვენების პირველ პარტიას კომპანია რამდენიმე კვირაში ჩამოასხამს და სარეალიზაციო ქსელშიც გაიტანს.

კასპში ჩამოსხული უალკოჰოლო სასმელი „კასპის საკონსერვო ქარხნის“ ბრენდით გაიყიდება. 

მერებაშვილის ინფორმაციით, საწყის ეტაპზე დაგეგმილია ბროწეულის, ალუბლის და ციტრუსების 1 ლიტრიან მინის ბოთლებში  ჩამოსხმა. ასევე დაგეგმილია პლასტმასის ბოთღლებში წარმოებაც.  ნედლეულს კი კომპანია ადგილობრივი ფერმერებისგან იღებს.

რა ფასად  გაიყიდება ბაზარზე კასპის საკონსერვო ქარხნის წვენები ამის შესახებ მერებაშვილი ვერ საუბრობს, რადგან ამჟამად კალკულაციის პროცესი მიმდინარეობს.

მისივე მტკიცებით, კასპში წარმოებული ნატურალური წვენები კონკურენციას ძირითადად იმპორტირებულ პროდუქციას გაუწევს.

შეგახსენებთ, კასპის საკონსერვო ქარხანა ამ დროისთვის 40-მდე დასახელების პროდუქციას აწარმოებს. მათ შორისაა, მურაბები, აჯიკები, მწნილები და ა.შ. წარმოებული პროდუქციის 50% საექსპორტოა. კომპანია ნედლეულს იბარებს როგორც ადგილობრივებისგან, ისე მთლიანად შიდა ქართლიდან და მარნეულიდან.

კასპის საკონსერვო ქარხანა (შპს TMT) 2006 წელს, კასპის საკონსერვო კომბინატის ბაზაზე დაფუძნდა, რომელიც 1961 წლიდან ფუნქციონირებდა. კომპანია აწარმოებს ნატურალურ, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო   პროდუქციის ნაირსახეობებს.

დღესდღეობით TMT-ს პროდუქცია წარმოდგენილია როგორც მსხვილ სუპერმარკეტებში, ისე მსხვილ ქსელებში. 2008 წლიდან კომპანია აწარმოებს ექპორტს ისეთ ქვეყნებში როგორიცაა გერმანია, ავსტრია, ჩეხეთი, ამერიკა, აფრიკა და ისრაელი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები