ბიზნესი
07/03/2023

კავკასიის ავტოიმპორტი: ბიუჯეტური ავტომობილები მომხმარებლებისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომი გახდება

„კავკასიის ავტოიმპორტში“ აცხადებენ, რომ ევრო ხუთზე დაბალი სტანდარტის მანქანების შემოყვანის შეზღუდვის შედეგად, ბიუჯეტური ავტომობილები მომხმარებლებისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომი გახდება.

როგორც კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას აღნიშნა, რეგულაცია ბიზნესზეც ცუდად აისახება.

კახა ლომიძის თქმით, 2013 წლამდე ავტომობილები, რომლებიც ევრო ხუთის სტანდარტებს არ აკმაყოფილებენ, კომპანიის მთლიან იმპორტში ამჟამად 10-11%-იან წილს იკავებს.

„2013 წლამდე ავტომობილებზე ძალიან დიდი მოთხოვნა არ არის, მაგრამ არც პატარა ციფრი არაა. ჩვენი კომპანიის შიდა სტატისტიკიდან რომ გითხრათ, მთლიანი ბრუნვის 10-11 %-ია.

2013 წლამდე ავტომობილების შემოყვანის შეზღუდვით, ბიუჯეტური ავტმობილი მომხმარებლისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომი გახდება. დღეისათვის, ძალიან ბევრი ავტომობილია 2011-2012 წლის რომელიც შედარებით ბიუჯეტურია და ქართველი მომხმარებელი ხშირად არჩევანს მასზე აკეთებს. ამ შეზღუდვით კი მათზე წვდომა აღარ ექნებათ. კახა ლომიძის განმარტებით, საქართველოში ავტომობილების ძირითადი ნაწილი ამერიკიდან შემოდის. ამერიკული სტანდარტი კი ევრო ხუთის სტადარტებისგან განსხვავდება. „ერთია, რომ პირდაპირ ევრო 5-ის სტანდარტების გადმოტანა და 2013 წელს ქვემოთ ავტომობილების შემოყვანის შეზღუდვა, ბიზნესს ძალიან ცუდად დააწვება. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ეს რეგულაცია ჩვენს რეალობასთან თავსებადიც არ არის. საქართველო ავტომობილებით მეტეწილად ამერიკიდან მარაგდება. ამერიკის სტანდარტი კი ევროპულისგან, ანუ ევრო 5-ის სტანდარტებისგან განსხვავდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ შედარებით დაბალი სტანდარტია. ამერიკაში მაგალითად, არ კონტროლდება ნახშირბადის მონოქსიდი, თუმცა აზოტის ოქსიდი უფრო მკაცრად კონტროლდება . გარკვეული ნიუანსებით განსხვავებული სტანდარტია. ასე რომ, ჩვენ თუ დავნერგავთ სტანდარტებს, უნდა დავნერგოთ იმის მიხედვით, საიდანაც გვაქვს იმპორტი. შევისწავლოთ ბაზარი, უფრო მეტი რა ტიპის ავტომობილი შემოდის, ამის მიხედვით რეგულაციების დანერგვა ლოგიკური და საჭიროა, თუმცა პირდაპირ ევრო 5-ის გადმოღებას არ მივესალმებით.“-აღნიშნა კახა ლომიძემ.

ცნობისთვის, 2024 წლიდან საქართველოში ევრო ხუთზე დაბალი სტანდარტის მანქანების შემოყვანა შეიზღუდება. ცვლილება 2013 წლამდე გამოშვებულ მანქანებს შეეხება, რომელიც შიდა მოხმარებისთვისაა განკუთვნილი. საკითხზე ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს.

ამასთან, რეგულაცია არ ზღუდავს რეექსპორტისთვის განკუთვნილი ისეთი ავტომობილების შემოყვანას, რომლებიც ევრო ხუთის სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები