ბიზნესი
13/06/2022

"კლინიკებიდან თანხის ამოღება გვიჭირს" - პრობლემები სამედიცინო სახარჯი მასალების ბაზარზე

სახარჯი მასალების იმპორტიორი კომპანია „მედჰაბის“ ხელმძღვანელი ოთარ კლდიაშვილი სექტორში არსებულ პრობლემებზე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს.

მისი განცხადებით, სამედიცინო სეგმენტიდან თანხის ამოღება ძალიან რთულია, განსაკუთრებით ეს კლინიკებს ეხება.

„რამდენიმე კლინიკასთან ვთანამშრომლობ და მაგ მხრივ საკმაოდ რთული სიტუაციაა. პირდაპირი შესყიდვის ფორმით ყიდულობენ, მოვამარაგებთ და შემდეგ თანხის გადახდა 3-4 თვე ჭიანურდება.

ამის გათვალისწინებით, მირჩევნია კლინიკის გარდა სხვა კომპანიები მოვამარაგო, მქონდეს ნაკლები შემოსავალი, ვიდრე იყოს  მსხვილბიუჯეტიანი შეკვეთა და შემდეგ სასამართლოში მქონდეს საქმე,“ - აცხადებს კლდიაშვილი.

„მედჰაბის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ხშირად სახელმწიფო ტენდერებში ისეთი კომპანიების იმარჯვებენ, რომლებიც მთავრობასთან არიან დაახლოებული. ოთარ კლდიაშვილი ასეთ კომპანიებს შორის შპს "კამორას" ასახელებს. "თითქმის ყველა სახელმწიფო ტენდერს იგებს, ბაზარს დაბალი ფასის შეთავაზებით „აფუჭებს“ და ცდილობს ამით ბაზრის მონოპოლისტი გახდეს", - ამბობს კლდიაშვილი.

კითხვაზე, მიმართა თუ არა კომპანიამ კონკურენციის სააგენტოს რეაგირებისთვის, კლდიაშვილი აღნიშნავს, რომ არა.

"ბიზნესპარტნიორი" კომენტარისთვის კომპანია "კამორასაც" დაუკავშირდა. კომპანიის წარმომადგენელი ლევან კიკუაშვილი აცხადებს, რომ ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება და კომპანია ბაზარზე მაქსიმალურად გამჭვირვალედ ოპერირებს. 

"სახელმწიფო ელექტრონული შესყიდვების საიტზე ტენდერში მონაწილეობა ელექტრონულად ხდება, გამარჯვებულს კი პროგრამა აგდებს და არა რომელიმე კონკრეტული ადამიანი. შემდეგ ხდება შეფასება, ნიმუშების წარდგენა და შეფასება," - აცხადებს კიკუაშვილი და განმარტავს, რომ კომპანია "მედჰაბთან" გარკვეული პერიოდის წინ თანამშრომლობდა.

Businesspartner