ბიზნესი
14/10/2021

კლინიკებს ელსისტემაში მონაცემების დარღვევით გადაცემის გამო დაკისრებული სანქციები გადაუვადდათ

ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანდაცვის ასოციაციას შორის შედგა შეთანხმება ელექტრონული ჩანაწერების სისტემის (EHR) ფუნქციონირების გამართვისა და სანქციების დაკისრების გადავადების შესახებ.

როგორც jandacva.ge ასოციაციაზე დაყრდნობით წერს, სამინისტროსთან თანამშრომლობით სისტემის ტექნიკური ხარვეზების ნაწილი შესწორდა, დარჩენილ ხარვეზებზე მუშაობა კი გრძელდება. შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებებისთვის, არასწორად/დაგვიანებით ინფორმაციის გადაცემის გამო, სამედიცინო დაწესებულებების საჯარიმო სანქციების დაკისრება 1 ოქტომბრის ნაცვლად, 2022 წლამდე გადაიწევს.

ელექტრონული ჩანაწერების სისტემა არის ჯანდაცვის სამინისტროს საკუთრებაში არსებული მონაცემთა ბაზა, რომელიც მოიცავს პაციენტის დეტალურ ისტორიას- ჰოსპიტალიზაციის ეპიზოდებს და ამბულატორიულ ვიზიტებს, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს ფინანსური ინფორმაცია, კალკულაციის სახით.

საქართველოში ელექტრონული ჩანაწერების სისტემის ფუნქციონირების წესი 2019 წელს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა და ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მიმწოდებელ ყველა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებას სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ელექტრონულ სისტემაში ატვირთვას ავალდებულებს.

ჯანდაცვის ასოციაცია მიმდინარე წლის 7 სექტემბერს შეიქმნა და მისი საქმიანობის ერთერთ მთავარ მიზნად მთავრობასთან ტარიფების საკითხზე კომუნიკაცია და გადაწყვეტილებების მიღებაში ჰოსპიტალური სექტორის აქტიური ჩართვა დასახელდა

Businesspartner