ბიზნესი
13/01/2022

"კლუბების 2  კვირით დახურვა საკლუბო ბიზნესთან შეთანხმებული არ არის"

საკლუბო ბიზნესის წარმომადგენლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აცხადებენ,რომ  კლუბების 2  კვირით დახურვის გადაწყვეტილება საკლუბო ბიზნესთან შეთანხმებული არ არის.

"ბიზნესპარტნიორი"  ასოციაცია „საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობას” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

„საქართველოს მთავრობის კანცელარიისა და მედიის მიერ გავრცელებული განცხადება იმის შესახებ, რომ თბილისის კლუბები შემდეგი ორი კვირის განმავლობაში დაიხურება, ხოლო ამის სანაცვლოდ დაზარალებული სივრცეები კომპენსაციას მიიღებენ, არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან არ წარმოადგენს საქართველოს მთავრობასა და კლუბებს შორის ერთობლივად მიღწეულ გადაწყვეტილებას.

ჩვენთვის ცნობილია, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან წარმოდგენილი იყო ეს შეთავაზება, თუმცა სივრცის მფლობელებსა და თბილისის საკლუბო სცენის წარმომადგენლებს შემხვედრი პასუხი ამ ეტაპამდე არ გაგვიცია.

ეჭვგარეშეა, რომ ისეთი რადიკალური ნაბიჯების შესახებ, როგორიცაა დაგეგმილი და დაანონსებული ღონისძიებების მოულოდნელი გაუქმება, შესაბამისი ღონისძიების ორგანიზატორებს უნდა ეცნობოთ გონივრულ ვადაში, რადგან საკლუბო სცენის წარმომადგენლები ამ ეტაპამდე კეთილსინდისიერად ვხელმძღვანელობთ შესაბამის უწყებებთან შეთანხმებული რეგულაციების დაცვით, ხოლო ახალი ზომები უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის რეგულაციების შესახებ ჯერ დადასტურებული არაა, რისი ერთ-ერთი მიზეზიც არის თავად მთავრობის მხრიდან შესაბამისი შეხვედრების გადავადება.

უნდა აღინიშნოს, რომ თავად სახელმწიფოს მხრიდან იყო შემოთავაზებული და მხარდაჭერილი 31 დეკემბრიდან - 16 იანვრამდე ჩვენ მიერ ღონისძიებების ჩატარების იდეა, ხოლო მომდევნო ღონისძიებების ჩატარების წესებსა და პროტოკოლზე იანვრის დასაწყისში უნდა გვემსჯელა.

ამიტომ ვთვლით, რომ მოთხოვნა ცალმხრივად განხილული გადაწყვეტილების დაცვის და 14-15 იანვრის დაანონსებული ღონისძიებების გაუქმების, რომლის დასაორგანიზებლადაც ისედაც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფმა სივრცეებმა დიდი ხარჯი გავწიეთ, არის არალეგიტიმური და არ ეფუძნება შეთანხმებაზე დაფუძნებული ორმხრივი თანამშრომლობის პრინციპებს.

უტყუარია, რომ ჩვენ მიერ გატარებული უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის მექანიზმები ჩვენს სივრცეებს ყველაზე დაცულ ადგილებს აქცევს მიმდინარე პანდემიაში, რაც, თავის მხრივ, არ ნიშნავს, რომ ვირუსის გავრცელების რისკები ნულამდეა დაყვანილი. აქამდე ჩატარებული ყველა კვლევით, საკლუბო სივრცეებში ვირუსის გავრცელების რისკი რამდენჯერმე ნაკლებია გარე გავრცელების რისკებთან შედარებით.

ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობის მქონე და უსაფრთხო სივრცის იდეის ერთგული წარმომადგენლები, ვიზიარებთ იმ მოსაზრებასაც, რომ ვირუსის ახალი შტამის, “ომიკრონის” გავრცელებამ შეცვალა სურათი არამხოლოდ საკლუბო სცენაზე, არამედ მთელს ქვეყანაში. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ იმ შემთხვევაში, თუ განიხილება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ზომების შემოღება და გამკაცრება, ეს რეგულაციები უნდა ეხებოდეს ყველა სარისკო სივრცეს და არამხოლოდ კლუბებს, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან გადაწყვეტილების მიღებამდე და შეთანხმების მიღწევამდე წარმოდგენილი უნდა იყოს ვირუსთან ბრძოლის იმგვარი სამოქმედო გეგმა, რომელიც გამორიცხავს კლუბების მიმართ კიდევ ერთხელ არასამართლიან და დისკრიმინაციულ მიდგომას.

პანდემიასთან ბრძოლის ახალი, სამართლიანი და არადისკრიმინაციული გეგმის შემუშავებამდე ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას 2022 წლის 14-15 იანვრის დღეებში აქამდე არსებული შეთანხმებისა და რეგულაციების შესაბამისად“, - ნათქვამია ასოციაციიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ საკლუბო ბიზნესის წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელ ნინო კვეტენაძეს, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ილია დარჩიაშვილს და საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროს გიორგი ღიბრაძეს შეხვდნენ. შეხვედრის ერთ-ერთი განსახილველი თემა მომავალი 2 კვირის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებების შეჩერება იყო.

მანამდე კი, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შედეგად, 2022 წლის 7 იანვრიდან 2022 წლის 9 იანვრის 06:00 საათამდე ღამის კლუბების საქმიანობა დასაშვები გახდა.დადგენილებას ხელს პრემიერ -მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.მთავრობაში ღამის კლუბების  მუდმივად გახსნის გადაწყვეტილება  ამ ეტაპზე არ მიუღიათ.

შეგახსენებთ, საქართველოში ღამის კლუბები 2021 წლის 6 მარტიდან დახურულია.

Businesspartner