ბიზნესი
08/12/2021

კლუბი "მტკვარზე": 17 დეკემბერს ვიხსნებით, უვადო "მწვანე პასპორტით" ვერავინ შემოვა

კლუბები ორ წლიანი პაუზის შემდეგ გახსნის მოლოდინშია.

კლუბი „მტკვარზე“ თანადამფუძნებელი ქეთა გაბუნია „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ კლუბები 17 დეკემბრიდან იხსნება და ამ დროისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

გაბუნია აცხადებს, რომ არსებობს გარკვეული მოთხოვნები, რომლის დაკმაყოფილების შედეგადაც ღამის კლუბებს მუშაობის საშუალება ექნებათ. ეს კრიტერიუმები ინდუსტრიამ მოამზადა და შრომის ინსპექციასთან შეათანხმა.  

„მაგალითად, კლუბებში შემოვლენ მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ (ორჯერადად აცრილი ან კოვიდის გადატანიდან გასული მაქსიმუმ 6 თვე, ან პისიარ ტესტის (ბოლო 48 საათი) უარყოფითი პასუხის მქონენი. ჩვენთან არ მიიღება არც სწრაფი ტესტი და არც გაუგებარი  უვადო „მწვანე პასპორტი“. გარდა ამისა, კლუბში უნდა იყოს სპეციალური ტექნიკური მოთხოვნით გამართული სავენტილაციო სისტემა.

კომპანიას მოუწევს დაამატოს ახალი კადრები, რომლებიც  გააკონტროლებენ როგორც რიგს და „მწვანე პასპორტებს“, ისე სავენტილაციო სისტემას, რომ მუდამ გამართულად მუშაობდეს. ამას დაემატება ყველა ის მოთხოვნა, რაც ყველას მიმართ არსებობს,“ - აცხადებს გაბუნია.  

კიდევ ერთი კრიტერიუმი, რისი დაკმაყოფილებაც კლუბების ადმისტრაციას მოუწევს არსებული ფართის მხოლოდ 50%-ით ათვისებაა.

რა ფინანსებთანაა დაკავშირებული 2 წლის დახურული ბიზნესის გახსნა და რამდენად რენტაბელური იქნება კომპანიისთვის დაწესებული შეზღუდვების ფონზე მუშაობა, გაბუნია აცხადებს, რომ  კომპანიას ამ ეტაპზე მოგების საკმაოდ მცირე მარჟაზე მოუწევს მუშაობა.

„გაძვირებულია ყველაფერი, მათ შორის სასმელი, სრულიად სხვა რეალობაა. გაზრდილია კომუნალურების ტარიფი, უცხოური არტისტების ჩამოყვანა, ალბათ, დიდი ხნით გადაიდება.

ხარჯებს შეძლებისდაგვარად მინიმუმამდე შევამცირებთ. თუ აქამდე 7-8 ბარმენი გყავდა, ახლა 4-5 ბარმენით ვიმუშავებთ. იგივე დატვირთვით ნამდვილად ვერ განვაგრძობთ საქმიანობას, თუმცა, მუშაობის პროცესში გამოჩნდება, გვიღირს თუ არა. სიტუაციას ამძიმებს ისიც, რომ ძალიან მცირე რაოდენობითაა ტურისტი, რომელიც ჩვენი მნიშვნელოვანი სეგმეტი იყო,“ - აცხადებს გაბუნია.

შეგახსენებთ, რომ 17 დეკემბერს, თითქმის ორ წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს მასშტაბით კლუბები იხსნება. საქართველოში ღამის კლუბები 2021 წლის 6 მარტიდან დახურულია.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები