ბიზნესი
13/05/2022

"კომპანიას ინდექსაცია თუ არ აკმაყოფილებს, ჯარიმის გარეშე ხელშეკრულების გაწყვეტა უნდა შეეძლოს"

კომპანია “კავკასუს როუდ პროჯექტის” ხელმძღვანელი პაატა ტრაპაიძე  „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე ინფრასტრუქტურული კომპანიებისთვის ხარჯების 10%-ით დაკომპენსირება საკმარისი არ არის.

„დადგენილების მიხედვით, ინდექსაცია სამუშაოების 70%-ზე გავრცელდება და შესაბამისად, კონტრაქტის მხოლოდ 7% დაკომპენსირდება. ეს საკმარისი არ არის. თუმცა, ბიზნესმა გამოსავალი ყოველთვის უნდა იპოვოს. მიგვაჩნია, რომ ეს გარკვეული შეღავათი იქნება, თუმცა, კერძო სექტორმა ხარჯები თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით უნდა შეამციროს. ამით უნდა მივაღწიოთ იმას, რომ წაგებაზე არ გავიდეთ,“ - აცხადებს ტრაპაიძე.  

მისივე განცხადებით, კარგი იქნებოდა დადგენილებაში არსებობდეს ჩანაწერი, რომ როდესაც კომპანიას ინდექსაცია არ აკმაყოფილებს, ჯარიმის გარეშე ხელშეკრულების გაწყვეტა იყოს შესაძლებელი. ტრაპაიძე აღნიშნავს, რომ არსებული დადგენილებაში ეს კომპონენტი ჩადებული არ არის.

„ჩვენი კანონმდებლობის გათვალისწინებით შემდგომში მაინც შესაძლებელი იქნება სასამართლო პროცესის მოგება, თუმცა, ზედმეტი თავის ტკივილია,“-აცხადებს ტრაპაიძე.

შეგახსენებთ, სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე ინფრასტრუქტურულ კომპანიებს ხარჯები მაქსიმუმ 10%-ით დაუკომპენსირდება. მაღალი ინფლაციის პირობებში მთავრობამ კომპანიებისთვის ინდექსაციის წესი აამოქმედა, ცვლილებები მხოლოდ იმ კომპანიებს შეეხება, რომლებიც ინფრასტრუქტურულ პროექტებს მიმდინარე წლის 1 აპრილიდან შეასრულებენ.

Businesspartner