ბიზნესი
25/06/2020

კომპრომისი საარბიტრაჟო დავის შემდეგ - ხელისუფლება Frontera-ს მოლაპარაკებებზე იწვევს

Frontera-სთან საარბიტრაჟო დავის მოგების შემდეგ, ხელისუფლება აცხადებს რომ მზად არის კომპრომისზე წასასვლელად. ამის შესახებ ჯერ კიდევ 2 დღის წინ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ პოზიტიური საგნობრივი დიალოგისთვის ქართული მხარე მზადაა. საქმე ეხება ამერიკული კომპანიისთვის სალიცენზიო არეალზე საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას, თუმცა კონკრეტულ ვადასა და პირობებზე არაფერი თქმულა.

ნათია თურნავა მოუწოდებს კომპანიას მიუჯდეს მოლაპარაკების მაგიდას, მოლაპარაკებების დროს კი განმსაზღვრელი ქართული და საერთაშორისო კანონმდებლობა იქნება.

Frontera ხელისუფლებას კიდევ ერთხელ გუშინ შემოსწყრა და მოუწოდა ხელისუფლებას მუქარაზე უარი თქვას.

2020 წლის 17 აპრილს, საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალმა, ერთის მხრივ, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს, ხოლო მეორეს მხრივ, „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენსა“ და „ფრონტერა აშშ-ის“ შორის წარმოშობილ სადავო საკითხებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება გამოიტანა, რომელიც 1997 წლის 25 ივნისის პროდუქციის წილობრივი განაწილებისა და გადამამუშავებელი ქარხნის შესწავლის შესახებ კონტრაქტიდან გამომდინარეობს. საარბიტრაჟო ტრიბუნალმა მხარი დაუჭირა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა“ და სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ კონტრაქტის ნორმათა ინტერპრეტაციას და მათი სასარჩელო მოთხოვნების აბსოლუტური უმრავლესობა დააკმაყოფილა.

თუმცა აღსანიშნავია, რომ სასამართლო გადაწყვეტილება არ გასაჯაროვებულა.

ნავთობისა და გაზის კორპორაციამ დავის დასრულებიდან ძალიან მალე ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნატქვამი იყო, რომ კონტრაქტი ამერიკულ კომპანიასთან 27 ივლისს ავტომატურად შეწყდებოდა.

 

Businesspartner