ბიზნესი
09/06/2022

კონკურენციის და ანტიდემპინგის საკითხებზე დასავლეთ საქართველოში ბიზნესთან შეხვედრები მიმდინარეობს

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინიცირებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერის პროექტის (AA Facility) და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, დასავლეთ საქართველოში, სამუშაო შეხვედრები დაიწყო. 8 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით, დაგეგმილი სემინარები ჩატარდება ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში.

შეხვედრაზე, ბიზნესის წარმომადგენელებთან ერთად, განიხილება შემდეგი საკითხები: ცვლილებები კონკურენციის კანონმდებლობაში - სააგენტოს ახალი უფლებამოსილებები და პროცედურული ნორმები; რეგულირებად სექტორებში კონკურენციის აღსრულება და კონცენტრაციების კონტროლის მექანიზმები; დემპინგისა და ზიანის ფორმები, ზოგადი პრინციპები და ა.შ.

რეგიონულ დონეზე, ადგილობრივ ბიზნეს სექტორთან, ინფორმაციის მიწოდება-გაცვლის, კონკურენციის და ანტიდემპინგის საკიხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2021 წელს შეხვედრები გაიმართა - კახეთში, გორში და ახალციხეში. სამუშაო შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა - ადგილობრივი ხელისუფლების, მეწარმეებისა და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის კონკურენციის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების, მისი აღსრულების, მიმდინარე და დასრულებული საქმეების, მიღებული შედეგების გაცნობა.

დასავლეთ საქართველოში, დაგეგმილ სამუშაო შეხვედრებს ხელმძღვანელობენ - კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეები ლევან კალანდაძე და გიორგი ფერაძე; სავაჭრო-სამრეწველო პალატის ბიზნესისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი ვეკუა; საქართველოს და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერის პროექტის ექსპერტი, ნინო მუჯირი; კონკურენციის სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, სოფიო მომცელიძე და ანტიდემპინგური ღონისძიების დეპარტამენტის წარმომადგენელი, ელენე ცხომელიძე; კონკურენციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი აჭარაში, ტარიელ გიორგაძე და აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე, გიორგი რომანაძე.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერის პროექტი (AA Facility).

Businesspartner