ბიზნესი
02/12/2020

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ დეკორაციების და ქანდაკების სახლის საჩივარი დაუშვებლად ცნო

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ დეკორაციების და ქანდაკების სახლის საჩივარი დაუშვებლად ცნო.

სააგენტოში შპს „დეკორაციების და ქანდაკების სახლმა“ საჩივარი თბილისის მერიის მიერ „კონკურენციის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის (სახელმწიფო უწყებების მიერ კონკურენციის შეზღუდვა) სავარაუდო დარღვევის ფაქტზე შეიტანა. მომჩივანის პოზიციით, დარღვევა გამოიხატებოდა მერიის გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში მისი გამარჯვების შემდეგ, უწყების მხრიდან მისთვის სამუშაოს შესასრულებლად არასათანადო ტერიტორიის გადაცემაში - რამაც, მომჩივანი იძულებული გახადა შეეწყვიტა ხელშეკრულება.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, საქმის მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ დავის გადაწყვეტასა და განხილვაზე უფლებამოსილი ორგანო ვერ იქნება სააგენტო, ვინაიდან დავის შინაარსს წარმოადგენს ორმხრივი ნების გამოვლენის საფუძველზე, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების კონკრეტული ნორმების შესრულების საკითხი და არა ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება, რომელიც მეწარმე სუბიექტებს შორის გაუმართლებლად ზღუდავს კონკურენციას, რომელიმე მათგანის საქმიანობის შეფერხების გზით. დავის გადაწყვეტა მოითხოვდა იმგვარი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებას, რისი უფლებამოსილებაც სააგენტოს არ გააჩნდა. 

თავის მხრივ, სადავოდ არ გამხდარა და არ გამოკვეთილა მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის პირობების დისკრიმინაციული ხასიათი ან რომელიმე პრეტენდენტზე მისი მორგების ფაქტი. ამდენად, სააგენტომ საჩივარი დაუშვებლად ცნო და საქმის მოკვლევის დაწყებაზე უარი თქვა.

Businesspartner