ბიზნესი
24/05/2022

კონტროლი და რესურსი - რა შემთხვევაში აქვს აზრი წამლის ხარისხის ლაბორატორიის შექმნას

წამლების ეფექტიანი ხარისხის კონტროლის დანერგვა მნიშვნელოვანია, თუმცა ამას სახელმწიფო გააკეთებს ხელშეკრულებით უცხოურ ლაბორატორიასთან თუ თვითონ შექმნის შესაძლებლობებს, პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, – ასე აფასებს წამლის ხარისხის ლაბორატორიის შექმნის საკითხს აკაკი ზოიძე.

ჯანდაცვის სპეციალისტი "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, რომ მთავარი წამლის ხარისხის მიმართულებით ადექვატური რესურსის გამოყოფაა.

"100-180 ათას ლარად ლაბორატორიას ვერ გააკეთებ, რაც წინა წლების განმავლობაში იყო გამოყოფილი ბიუჯეტში წამლის ხარისხის კონტროლისთვის. ბრუნვაში არსებული 12 000 მედიკამენტის ხარისხის გასაკონტოროლებლად, არჩევითობის პრინციპით ბაზრიდან ნიმუშად 5–6% უნდა აიღო. დღევანდელი მდგომარეობით, ხარისხის კონტროლს წამალი მხოლოდ ბაზარზე დაშვებისას გადის, რეგისტრაციით, აღიარებით ან შესაბამისი დოკუმენტაციით, რაც შესაძლოა ყოველთვის გამართლებული არ იყოს. შესაძლოა ნიმუში იყოს მაღალი ხარისხი, თუმცა შემდეგ ბაზარზე შემოვიდეს უხარისხო მედიკამენტი. სწორედ ამისთვისაა საჭირო ლაბორატორია და ხარისხის კონტროლის პროგრამა.

ლაბორატორიის შექმნაზე საუბარი წლების წინ დაიწყო, თუმცა ისიც ვერ მოხერხდა, რომ რომელიმე საერთაშორისო აპრობირებულ ლაბორატორიასთან დადებუბლიყო შესაბამისი კონტრაქტი. თუ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომ 10-ჯერ მეტი თანხა გამოიყოს ხარისხის კონტროლზე, მაშინ რა თქმა უნდა, აზრი ექნება ლაბორატორიის შექმნასაც და კონტრაქტის დადებას სხვა საერთაშორისო ლაბორატორიებთანაც, მაგრამ თუ ისევ 100 000 ლარი დარჩება ბიუჯეტი, მაშინ არც ლაბორატორიის შექმნას და არც კონტრაქტებს აზრი არ აქვს," – აღნიშნავს აკაკი ზოიძე.

მისივე თქმით, ამ მიმართულების განვითარებას შესაბამისი დრო და რესურსი სჭირდება, თუნდაც პერსონალის გადამზადება, თუმცა შესაძლებელია, საწყის ეტაპზე ლაბორატორიის შექმნის პარალელურად სახელმწიფომ საერთაშორისო პარტნიორებიც შეიძინოს, რომ ხარისხის კონტროლის გარანტია არსებობდეს.

ცნობისთვის, წამლის ხარისხის ლაბორატორია 2022 წლის ბოლოს მზად იქნება. ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ლაბორატორიის აღჭურვილობის შესყიდვა თითქმის დასრულებულია. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები