ბიზნესი
16/09/2020

ქორწილების აკრძალვამ შეკვეთების 35% გაგვიუქმა – Atabata

საქორწილო აქსესუარების ბრენდი Atabata–ს დამფუძნებელი თამარ წიკლაური პანდემიისგან მიღებულ ზარალზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქორწილების განმეორებით აკრძალვის შედეგად, კომპანიას დაჯავშნილი შეკვეთების 35% გაუუქმდა.

„შემოდგომის პერიოდი მთელი წლის გაყიდვებში ლიდერობდა, გაუქმებულმა ქორწილებმა კი სერიოზული ზარალი გამოიწვია. ჩვენს შემთხვევაში, წინასწარ ხდება მასალის შერჩევა და შეძენა, რაც ამ ეტაპზე შეიძლება ზარალად მივიჩნიოთ. ვიმედოვნებ, პატარძლები, რომლებიც მხოლოდ ფოტოსესიას მოიწყობენ, აუცილებლად მოირგებენ ჩვენს აქსესუარებს. გაზაფხული-ზაფხულის სეზონი 90%–ით გაჩერდა, ვინაიდან ქორწილები და სხვა ღონისძიებები იკრძალებოდა. ასევე დიდი პრობლემა შეიქმნა უშუალოდ მასალის შემოტანა-შეძენასთან დაკავშირებით,“ – ამბობს თამარ წიკლაური.

ბრენდის წამომადგენლის თქმით, ივლისსა და აგვისტოს პირველ ნახევარში დაგეგმილი იყო იტალიის ტური, სადაც მიწვეული იყო ორი ქართული ბრენდი Atabata და PIGMALIONI, მაგრამ COVID19-ის გამო ეს ვერ მოხერხდა. 

„სამომავლო გეგმაში პარიზის გამოფენაა, რომელიც ოქტომბერში გაიმართება. სამწუხაროდ, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე გადავერთეთ ონლაინ პორთფოლიოსა და კატალოგის გამართვაზე, რათა მათი წარდგენა მოხდეს შესაბამის ღონისძიებაზე დისტანციურად. მიუხედავად შექმნილი მდგომარეობისა ბრენდი აქტურად მუშაობს როგორც ქალბატონების, ასევე მამაკაცების აქსესუარებზე, იქმნება ახალი ესკიზები და მოდელები", – აღნიშნავს თამარ წიკლაური.

Businesspartner

მთავარი სიახლეები