ბიზნესი
06/01/2022

ქსელური ბრენდის განვითარებას ეფექტური ბიზნესმოდელის შექმნა სჭირდება - გივი ორდენიძე

Subway-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში გივი ორდენიძე „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს თუ რატომაა ბაზარი გაჯერებული უფრო მეტად უცხოური სწრაფი კვების ბრენდებით, ვიდრე ქართულით.

მისი ინფორმაციით, ქსელური ბრენდის განვითარებას დახვეწილი, მოქნილი და კარგად ჩამოყალიბებული ბიზნეს მოდელის შექმნა  სჭირდება.

როგორც ოდენიძე აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ ქსელში ხარისხი ყველგან ერთნაირი იყოს, ოპერაციები ხდებოდეს ყველგან ერთი სტანდარტით და რაც მთავარია - ამ საოპერაციო სტანდარტების და ხარისხის ეფექტური კონტროლი ხდებოდეს.

„ქართული ბრენდების განვითარებაში ორი პრობლემაა-დიდ ბრენდებს ისეთი ბიზნესმოდელი აქვთ ჩამოყალიბებული, რომ საოპერაციო სტანდარტების და ხარისხის კონტროლი ხდება საკმაოდ ეფექტურად და დადგენილი წესებით. ქართული ბრენდები კი ამას  ხშირად ვერ ახერხებენ.

ალბათ შეგიმჩნევიათ, როდესაც ერთი ობიექტი გაიხსნება, ხარისხი უმაღლესია, თუმცა, უკვე მეხუთე და მეექვსე ფილიალზე ხარისხს და საოპერაციო სტანდარტებს ვეღარ აკონტროლებენ. ამ დროს მფლობელმა ან უნდა შექმნას ისეთი მენეჯმენტის სისტემა და ბიზნესმოდელი, სადაც ყველაფერ ამის კონტროლი ეფექტურად და გრძელვადიანად მოხდება.

სამწუხაროდ,საქართველოში ეფექტური ბიზნესმოდელი და მენეჯმენტი ვერ იქმნება, ამის ტრადიცია და გამოცდილება ამერიკაში მაგალითად ძალიან დიდია. ჩვენთან არ არის ტრადიცია, თუმცა, არის წარმატებული მაგალითებიც. ზოგიერთმა მოახერხა კიდეც შეექმნა ისეთი ბიზნეს მოდელი  და მენეჯმენტის სტრუქტურა, რომ ექსპორტზეც გასულიყო“-აცხადებს ორდენიძე.

საქართველოში Subway ამ დროისთვის 8 ფილიალითაა (6-თბილისი, 2 -ბათუმი) წარმოდგენილი. აქედან 1 ლოკაციის ცვლილების გამო დროებით დახურულია და 2022 წლის გაზაფხულზე გაიხსნება. 

„Subway-ს ექსკლუზივი გახსნაზე არავის აქვს, სწორედ ეს გამოარჩევს ბრენდს სხვა ბრენდებისგან. ლიცენზიის აღება კონკრეტული რესტორნის გასახსნელად ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რომელიც დაგვიკავშირდება ჩვენ და გარკვეულ სტანდარტებს დააკმაყოფილებს,“ - აცხადებს ორდენიძე.

 

Businesspartner