ბიზნესი
08/09/2020

“KTW ჯგუფი“ უცხოელ ინვესტორებს ეკოსოფლის პროექტს 2021 წელს შესთავაზებს

“KTW ჯგუფი“ ეკოსოფლის პროექტს უცხოელ ინვესტორებს 2021 წლის დასაწყისში შესთავაზებს. „ბიზნესპარტნიორთან“ “კახური ტრადიციული მეღვინეობის“ (KTW) დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძე ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს პროექტის საინვესტიციო ღირებულებას, თუმცა, აცხადებს, რომ ის საკმაოდ მსხვილბიუჯეტიანი  იქნება.

„პროექტზე ფრანგმა არქიტექტორმა იმუშავა, პროდუქტი უკვე გვაქვს, ვიცით რა მიმართულებით უნდა განვითარდეთ. გვინდა, შემოვიყვანოთ ევროპული დონის, მაღალი რანგის კომპანიები, რომლებიც ქართული მეღვინეობის განვითარებაში თავის წვლილს შეიტანენ. მოხდება ევროპული გამოცდილების და ქართული სტუმარმასპინძლობის ინტეგრირება. ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამე ვისწავლოთ ჩვენი ევროპერლი პარტნიორებისაგან, კოლეგებისაგან, მათ შორის, იტალია, საფრანგეთი, შვეიცარია, პორტუგალია“ - აცხადებს ზურაბ ჩხაიძე.

როგორც ბიზნესმენი აღნიშნავს, ამ დროისთვის მიმდინარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტში მიწის გამოსყიდვის პროცედურები, რომელიც ამ დროისთვის ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაშია. საუბარია, დაახლოებით 150 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე.

“სამინისტრო ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან კონსულტაციას გადის, შესაბამისად, ეს მოსაზრებები გათვალისწინებული უნდა იყოს. ადგილობრივ ხელისუფლებას თავისი ხედვა აქვს რადგან იქ 3-4 ადამიანი პროექტის განხორციელების წინააღმდეგია, დანარჩენი 500-600 კი თანახმაა. ამის გამო გურჯაანის მერიის მუნიციპალიტეტს თავისი მოსაზრება აქვს, შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე მათთან დიალოგში ვართ. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიის თანხმობის გარეშე არაფერი გამოვა. იმედს ვიტოვებ, დიალოგი მალე დასრულდება,“ - აცხადებს ზურაბ ჩხაიძე.

მისი განცხადებით, ეს იქნება განვითარების ის ეტაპი, რომელიც კახეთს ძალიან სჭირდება. პროექტით გათვალისწინებულია როგორც ღვინის მუზეუმის, ასევე ბორდოს შატოს სკოლის მშენებლობა. ჩხაიძე აცხადებს, რომ პროექტი საკმაოდ საინტერესოა და ის მნიშვნელოვანი იქნება როგორც კახეთის პოპულარიზაციისთვის, ისე საქართველოს სეგმენტირებისათვის ღვინის გზის განვითარების მიმართულებით.

პროექტის ფარგლებში, დაახლოებით 200-300 ჰექტარ ტერიტორიაზე ვილები  და შატო აშენდება. ასევე იქნება გაშლილი მინდორი, მწვანე ზონა, სადაც  ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება ეკოლოგიურად სუფთა გარემოში დაისვენოს. 

შეგახსენებთ, "კახური ტრადიციული მეღვინეობა“ ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთი-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში. კომპანია 2001 წელს დაფუძნდა, KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით.

KTW ჯგუფი ღვინის ექსპორტს მსოფლიოს 20–ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს. კომპანიას ვენახები ამჟამად ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში 1020 ჰექტარზე აქვს. წლის ბოლომდე კი დაგეგმილია ფართობის  1700 ჰექტრამდე გაზრდა.  KTW ჯგუფი გარდა ღვინის წარმოებისა, წარმოდგენილია დეველოპმენტის ბაზარზე.

Businesspartner