ბიზნესი
25/09/2020

ქუთაისის თიზ-ში 2021 წლიდან პლასტმასის ქარხნის მშენებლობა დაიწყება

ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში (თიზ) 2021 წლიდან პლასტმასის ქარხნის მშენებლობა დაიწყება. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ ზონის ხელმძღვანელი სოსო ნიბლაძე ამბობს, ქარხანაში 120-150 ადამიანი დასაქმდება.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურები, რომელზე მუშაობაც წლის ბოლომდე დასრულდება.

„მშენებლობის ნაწილი გარკვეულწილად დაწყებულია, თუმცა ჰუალინგის თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ ინვესტორ კომპანიას გადასცა მზა შენობა გრძელვადიანი საიჯარო კონტარაქტით, შესაბამისად, კომპანია ამ ეტაპზე გარე სასაწყობე მეურნეობის ინფრასტრუქტურას მოაწყობს,“ - აცხადებს სოსო ნიბლაძე. პროექტში დაახლოებით 3 მლნ ევროს ინვესტიცია განხორციელდება.

როგორც ნიბლაძე აცხადებს, ქუთაისის თიზ-ში უკვე ამოქმედდა და სატესტო რეჟიმში მუშაობს მეორადი პლასტიკატის გადამამუშავებელი და პლასმასის გრანულების მწარმოებელი ქარხანა. ორივე პროექტში 2,5-3 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ თიზ-ში უკვე იწარმოება მზის პანელები. დასაქმებულია დაახლოებით 150-მდე ადამიანი, პროდუქცია ექსპორტზე 30-ზე მეტ ქვეყანაში გადის. პროექტი გერმანული ინვესტიციით ხორციელდება.

ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა დაახლოებით 4 წელია  ფუნქციონირებს და ყველაზე მზარდი ზონაა საწარმოო გადამმუშავებელი მიმართულებით.

 

Businesspartner