ბიზნესი
14/01/2021

ლაშა პაპაშვილი: მთავრობამ ქართველი კადრების უცხოეთიდან ჩამოყვანა უნდა დაასუბსიდიროს

„რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მენეჯმენტის პრობლემაა. ლაშა პაპაშვილი პრობლემის აღმოფხვრის ერთ-ერთ გზად საქართველოდან უცხოეთში წასული ახალგაზრდა კადრების ჩამოყვანას ხედავს.

მისი აზრით, ეს სახელმწიფომ გარკვეული ნაბიჯების გადადგმით უნდა უზრუნველყოს.

„ამ ყველაფერს სწორი მენეჯმენტი უნდა. დაუღალავი შრომა და ჩვენთან კომუნიკაცია სჭირდება, მთავრობა და ბიზნესი ამ სატკივარებს დარგების მიხედვით უნდა გადიოდეს. არაერთი ასოციაციაა და მათთან კონტაქტია საჭირო, მათი ტკივილის მოსმენა და გამოვა. სწორი კადრების მოყვანაა საჭირო.

საზღვარგარეთ რომ არიან ჩვენი კარგი გოგო-ბიჭები. არ არიან იქ ისეთი ანაზღაურებით, რომ არ ღირდეს ამაში ინვესტირება. მაქსიმუმ 2-3 ათასი ევრო აქვთ ხელფასი. ყველა აქეთ არის წამოსაყვანი. ცალკე მუხლია ბიუჯეტში საჭირო, რომ არ იყოს სულელური მუხლების დაფინანსება და დაფინანსდეს ზუსტად ამ კადრები ხელფასების სუბსიდია. ეს ნაწილი სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს. აქ არ არის დიდ თანხებზე საუბარი. იმასთან შედარებით, რასაც ჩვენ იმპორტზე ვხარჯავთ და უკვე ყბადაღებულია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის თემა, იმპორტი როგორ სჭარბობს ექსპორტს. ამის ჩანაცვლება თუ გვინდა, ასე უნდა ვიმოქმედოთ და ჩქარი ტემპებით.

ირლანდიის მაგალითი უნდა აიღო. წამყვანი ქვეყანაა მსოფლიოში. ყველაფერში უნდა ავიღოთ მისი მაგალითი. არაფერი აქვთ, პრაქტიკულად კუნძულია, ხრიოკია, ნოლზე ზის და არ არსებობს მსოფლიოში წამყვანი, ფლაგმანი კომპანია, რომელსაც ერთი ოფისი არ ჰქონდეს იქ. რომ დასხდნენ ეს ადამიანები, თქვეს, რომ ინგლისური კარგად ვიცით, მათემატიკაც არ გვიჭირს, მოდი, ამაზე გავაკეთოთ აქცენტი, ჩვენს კადრებზე გავაკეთოთ აქცენტი, რადგან არაფერი გაგვაჩნია რესურსიო. ისეთი საგადასახადო პოლიტიკა გააკეთეს, რომ არ არსებობს მსოფლიოში მსხვილი დასავლური კომპანია, რომელსაც ერთი ოფისი საგადასახადო მიზნებით არ ჰქონდეს ირლანდიაში. ამ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე ჭარბობს ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას,“ - განაცხადა ბიზნესმენმა "ბიზნესპარტნიორთან". 

Businesspartner