ბიზნესი
03/01/2021

ლაშა პაპაშვილი: პატარა ქვეყანა ვართ ბრწყინვალე ბუნებრივი პირობებით, მაგრამ ამას ვერ ვიყენებთ

„რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი, ლაშა პაპაშვლი „ბიზნესპარტნიორთან“ 2020 წელს აფასებს. ბიზნესმენი ამბობს, რომ განვლილი წელი რთული იყო და მარტივი არც 2021 წლის დასაწყისი იქნება. თუმცა მომავალს მაინც ოტპიმიზმით უყურებს და პანდემიამდელ მაჩვენებლებზე დაბრუნებას 2022 წლიდან ვარაუდობს.

„2020 წელი ბიზნესისთვის ძალიან მძიმე იყო. მე და ჩემი პარტნიორები ვფიქრობდით, რომ ეს არ იქნებოდა ადვილი თამაში. გრძელვადიან პრობლემასთან გვქონდა საქმე. ეს მსოფლიოსთვის იყო პრობლემა და მგონია, რომ ჩვენ უფრო ადვილად გავივლით. ძალიან დიდ ზარალშია სხვა ქვეყნები.

2021 წლის პირველი ნახევარი ძალიან რთული იქნება. ეს, ალბათ, ბოლო მძიმე ზამთარი და გაზაფხული იქნება ჩვენთვის. იმედი მაქვს, რომ ზაფხულიდან უკვე დაიწყება აღდგენა. 2021 წლის მეორე ნახევარში 2019 წლის მაჩვენებლების განახევრებულ რიცხვებს მაინც ველოდები. ასე ადვილად ვერ მოგვარდება, მაგრამ მაინც ოპტიმისტურდ ვართ. თუ ვაქცინა იმოქმედებს, ალბათ, 2022 წლის გაზაფხულიდან დაიწყება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლების აღდგენა“,- განაცხადა პაპაშვილმა.

ბიზნესმენი ფიქრობს, რომ 2021 წელს ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი სოფლის მეურნეობის გაძლიერება უნდა იყოს.

„ახლაც და მომავალშიც უმთავრესი არის სოფელი, რომ ჩვენი თავის გამოკვება მაინც შეგვეძლოს. აღარ არის ფუფუნების საგნები აქტუალური. გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ პირველადი მოხმარების საგნები ჩვენით ვაწარმოოთ. აქ პროდუქტსაც ვგულისხმობ. პატარა ერი ვართ, პატარა ქვეყანა და ბრწყინვალე ბუნებრივი პირობები გვაქვს. ძალიან სამწუხაროა, რომ ამას ვერ ვიყენებთ და ამ ნაწილში იმპორტს ვერ ვანაცვლებთ. ძალიან მძიმე მდგომარეობაა სოფლის მეურნეობაში“,- ამბობს პაპაშვილი.

Businesspartner