ბიზნესი
26/11/2020

Leadin: კრიზისის მიუხედავად უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა მაინც არის

სტარტაპ Leadin.ge-ს დამფუძნებელი რატი წეროძე CBW-სთან ამბობს, რომ პანდემიისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა არის, თუმცა მდგომარეობა არაატაბილურია. მისი თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს არ აქვთ მუდმივად ის ფინანსური მდგომარეობა, რომ შეძლონ ამ ნაბიჯის გადადგმა.

„შეიძლება წლის დასაწყისში მათ ჰქონდეთ თუნდაც იპოთეკურ სესხზე წვდომა, ხოლო წლის მეორე ნახევარში ფინანსური მდგომარეობა შეიცვალოს და ადამიანმა ვეღარ შეეძლოს ბინის შეძენა. ჩვენ ვიყენებთ Affiliate ბიზნეს მოდელს, რაც გულისხმობს რომ ადამიანებს ვაძლევთ შესაძლებლობას, გამოიმუშაონ 1500-დან 10 000 ლარამდე თვეში. ხოლო უძრავი ქონების დეველოპერებს ვპირდებით, რომ მათი ბინის გაყიდვაზე იმუშავებს 500-ზე მეტი ბროკერი. უძრავი ქონების დეველოპერები იღებენ შესაძლებლობას, მიწვდნენ პოტენციურ ბინის მყიდველებს 0 წინასწარი მარკეტინგული ხარჯით, უფრო მოკლე დროში და ამავდროულად გააიაფონ ბინის გაყიდვასთან დაკავშირებული ხარჯები.“ აღნიშნავს რატი წეროძე.

Leadin უძრავი ქონების პლატფორმაა, სტარტაპი 2020 წელს შეიქმნა. ამავე წლის ნოემბერში სტარტაპი და კომპანია „ედვერთვაიზი“  პარტნიორები გახდნენ. „ედვერთვაიზი“ საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ციფრული სააგენტოა, რომელიც მის ბაზაზე რამდენიმე სტარტაპს აერთიანებს.

„ედვერთვაიზთან" პარტნიორობა გვაძლევს შესაძლებლობას ვიყოთ უფრო მობილურები და მოქნილები. ამ კომპანიაში დაგროვილი გამოცდილება და ინტელექტულური თუ ტექნიკური შესაძლებლობებით იძლევა საშუალებას, რომ ნებისმიერი საკითხი გადავჭრათ უმოკლეს დროში და ვიყოთ მუდმივ განვითრებაზე ორიენტირებული. ჩვენი მიზანია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ბაზრებზე შესვლა. უნგრეთის და რუმინეთის უძრავი ქონების ბაზრები საკმაოდ მიმზიდველია, ამ ბაზრებზე, ისევე როგორც საქართველოს ბაზარზე, არ არსებობს მკაცრი რეგულაციები და მათაც სჭირდებათ ინოვაციური მიდგომები გაყიდვების პროცესში. ვფიქრობთ, რომ 2022 წლისთვის შევძლებთ ამ ბაზრებზე შესვლას.“– ამბობს Leadin–ის დამფუძნებელი.

შეგახსენებთ, რომ სტარტაპი GITA-ს საგრანტო პროგრამის გამარჯვებული გახდა და 100 000 ლარიანი დაფინანსება მოიპოვა.

„რამდენიმე მიმართულებაა, რომლის გაძლიერებაშიც დავხარჯავთ მიღებულ გრანტს. ეს არის ვებ–გვერდი, რომელიც გახდება უფრო მოქნილი და ადამიანური ჩარევა იქნება მინიმალური. ასევე, მობილური აპლიკაციის დახვეწა და განვითარებაა დაგეგმილი. GITA–ს ტრენინგების დროს მიღებული გამოცდილება, შეიძლება ითქვას, ფასდაუდებელია. ახლა ზუსტად ვიცით, როგორ უნდა მივიტანოთ ადამიანებამდე ჩვენი სტარტაპის იდეა,“ – აღნიშნავს რატი წეროძე „ბიზნესპარტნორთან“.

 

 

Businesspartner