ბიზნესი
06/10/2021

ლექსველი: ცენტრალურ უბნებში ბინების გაყიდვები 40%-ით შემცირდა, უფრო რთული სიტუაცია გარეუბნებშია

სამშენებლო კომპანია “ლექსველის“ დამფუძნებელი არჩილ ხვედელიანი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ გაყიდვები 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით 40%-ითაა შემცირებული. მისი ინფორმაციით, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 60%-მდე იყო.

მისი ინფორმაციით, სექტორში სიტუაცია მძიმეა, რასაც უფრო მეტად სამშენებლო მასალების გაძვირება ართულებს.

„ფასს ვერ ვზრდით, რადგან გაყიდვები აღარ გვექნება. დაკომპენსირებას მოგების მარჟის შემცირების ხარჯზე ვახდენთ. ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებელებზე ამბობენ, მაგრამ იმ მაჩვენებლების ტოლფასია ლამის ინფლაციის დონე. სამწუხაროდ, ეს არ არის ის ეკონომიკური ზრდა, რაც რეალობაშია. ვიდრე სიტუაცია არ დასტაბილურდება და ქვეყანა და სექტორი ინვესტიციებისთვის მიმზიდველი არ იქნება, არ მგონია, რომ ამ ბაზარზე რამე ცვლილება იყოს, ალბათ ასე მდორედ ვიქნებით,“ - აცხადებს ხვედელიანი.

კითხვაზე, შექმნილ სიტუაციაში უღირს თუ არა კომპანიას ახალი პროექტების დაწყება, „ლექსველის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ იმ კომპანიებისთვის, რომლებიც გარეუბნებში აშენებენ, მოგების მარჟა ბევრად მცირეა, ვიდრე თუნდაც „ლექსველის“ შემთხვევაშია, რომელიც პროექტებს თბილისის ცენტრალურ უბნებში ახორციელებს.

„ჩვენს შემთხვევაში აბსოლუტურ ციფრებში რომ გადაიყვანო გაყიდვების შემცირება, იმდენი არ არის, რამხელაც იმათთვის, ვინც გარეუბნებში აშენებს. მათთვის ეს სიტუაცია ბევრად უფრო მძიმეა. რაც შეეხება ახალი პროექტების დაწყებას, ტურისტულ ლოკაციებზე ახლა ინვესტიციების განხორციელება არ ღირს. ასე დავაპაუზეთ ჩვენც გუდაურში ერთი პროექტი,“ - აცხადებს ხვედელიანი.

Businesspartner