ბიზნესი
08/02/2021

"ლოლაძეების ფერმა" მექსიკური პური ტორტილას წარმოებას გეგმავს

“ლოლაძეების ფერმა” მექსიკური სამზარეულოსთვის კულინარიული ხაზის ამოქმედებას გეგმავს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლაშა ლოლაძემ განუცხადა, 2021 წელს დაგეგმილია შავი სიმინდის გადამუშავება, რომლის შედეგადაც მიიღება ტორტილა. ეს არის ბრტყელი, უსაფუარო პური, რომელსაც მექსიკურ სამზარეულოში გამოიყენებენ.

ლაშა ლოლაძის ინფორმაციით, შავი სიმინდის წარმოება კომპანიამ გასულ წელს დაიწყო. ის საზღვარგარეთ ძალიან პოპულარულია, მისგან ამზადებენ სხვადასხვა პურ-პროდუქტს. ლოლაძის განცხადებით, შავი სიმინდის გადამუშავება კომპანიამ შესაძლოა პარტნიორი კომპანიის საშუალებით შეძლოს.

„ტორტილას გამოყენება და რეალიზაცია მოხდება როგორც კომპანიის საკუთრებაში არსებულ სასტუმრო „ჰერეთში“ და რესტორანში, ისე სხვადასხვა მექსიკურ რესტორანში,“ - აცხადებს ლოლაძე.

მისი განცხადებით, 2021 წელს დაგეგმილია მექსიკური კერძი კასადილასთვის საჭირო ინგრედიენტის, ტორტილას ტოსტერის აპარატის შემოტანა.

„ლოლაძეების ფერმა“ საქართველოს ბაზარზე ეგზოტიკურ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს, მათ შორის, მინი კივს, ოკრას, პეპინოს, კივანოს, ფიზალისს და შავ სიმინდს  უკვე 6 წელია აწარმოებს. საზღვარგარეთიდან ჩამოტანილი სანერგე და სათესლე ხილის ტექნოლოგიური დამუშავების შემდეგ, ლაგოდეხში მოყვანილი ფერმის სხვადასხვა პროდუქცია მსხვილ სუპერმარკეტებში იყიდება.  

Businesspartner