ბიზნესი
09/02/2021

"ლოლაძეების ფერმის" წარმოებულმა ეგზოტიკურმა ხილმა იმპორტი ნაწილობრივ ჩაანაცვლა

“ლოლაძეების ფერმის” წარმოებულმა ეგზოტიკურმა ხილმა იმპორტის ნაწილობრივ ჩაანაცვლა. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლაშა ლოლაძემ განუცხადა, კივანოს შემთხვევაში მომხმარებელმა უპირატესობა სრულად ადგილობრივ პროდუქციას მიანიჭა.

„მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყეთ წარმოება, კივანოს იმპორტი სრულად შეწყდა. მიზეზი კი ის არის, რომ შემოტანილი პროდუქცია აღარ იყიდებოდა. ბუნებრივია, მათ შემთხვევაში საკმაოდ დიდი იყო ტრანსპორტირების ხარჯი, შესაბამისად, ფასში კონკურენცია ვერ გაგვიწიეს,“ - აცხადებს ლაშა ლოლაძე.

რაც შეეხება ფიზალისს, ამ შემთხვევაში ადგილობრივი პროდუქციის ჩანაცვლება მინიმალურია. ამიტომ გაგრძელდა იმპორტი კოლუმბიიდან და სხვადასხვა ქვეყნიდან.

როგორც ლაშა ლოლაძე განმარტავს, ქართველები, თავისი კონსერვატორული ხასიათიდან გამომდინარე სიახლეს შედარებით რთულად იღებენ. ასე მოხდა ეგზოტიკრი ხილის შემთხვევაშიც.

„ყაბაყი რომ შემოდიოდა ბაზარზე, რამოდენიმე წელი რთულად იყიდებოდა. შესაბამისად, ყველაფრის შეგუებას დრო სჭირდება,“ - აცხადებს ლოლაძე.

“ლოლაძეების ფერმა” 2021 წელს ასორტიმენტის გაფართოებას არ გეგმავს და აქცენტი კულინარიული ხაზის განვითარებაზე ექნება. კომპანიის თანამდაფუძნებელი განმარტავს, რომ ლაგოდეხში მოყვანილი ფერმის სხვადასხვა პროდუქცია “აგროჰაბსა“ და “გუდვილში“  იყიდება.

„ლოლაძეების ფერმა“ საქართველოს ბაზარზე ეგზოტიკურ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს, მათ შორის, მინი კივს, ოკრას, პეპინოს, კივანოს, ფიზალისს და შავ სიმინდს  უკვე 6 წელია აწარმოებს.

საქართველოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა „ლოლაძეების ფერმის“ კივანოს პროდუქციას, რომელიც იგივე აფრიკული კიტრი გოგრისებრთა ოჯახს ეკუთვნის და წარმოშობით აფრიკიდანაა. დღეისთვის მას აწარმოებენ სამხრეთ ამერიკაში, ისრაელში, იტალიასა და ახალ ზელანდიაში. პროდუქტი გამოიყურება, როგორც 10–15 სმ სიგრძის ეკლებიანი გოგრა, მისი რბილობი მწვანეა და უმეტესად გრძელი, 5–10 მმ სიგრძის მქონე თეთრი თესლები აქვს. საკვებად გამოიყენება როგორც კოქტეილების, ისე ხილის სალათების დასამზადებლად.

რაც შეეხება პეპინოს, „ლოლაძეების ფერმაში“ ეს ხილი 2020 წელს პირველად მოხვდა ტექნოლოგიურ დამუშავებაში. ოკრა კი ერთწლიანი კულტურაა. მცირე ზომის უბუსებო მინი კივის პლანტაციები ლაგოდეხში პირველად 15 წლის წინ დაირგო. მინი კივი ტრადიციულისგან არა მხოლოდ ზომით, არამედ გემო თვისებებითაც განსხავდება. ამასთან, პროდუქტს არ აქვს ბუსუსები და მისი დაგემოვნება კანითაც შესაძლებელია.

კომპანიას გამოჰყავს მინი კივის ნერგებიც, რომელიც საკმაოდ მოთხოვნადია სხვადასხვა რეგიონებში, განსაკურებით, მაღალმთიან რეგიონებში. რაც შეეხება ექსპორტს, წარმოებული პროდუქციის რაოდენობა ამის საშუალებას არ იძლევა. ჯამში ლოლაძეების ფერმა 10 ჰექტარს მოიცავს.

ფიზალისის, იგივე ოქროსფერი კენკრის წარმოება „ლოლაძეების ფერმაში“ 2019 წელს დაიწყო. მას ხალხურ მედიცინაში მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენებენ, მდიდარია A, B და C ვიტამინებით. გარდა ამისა, მისგან ამზადებენ მარინადს.

 

 

Businesspartner