ბიზნესი
02/08/2022

"მარტო ნება არ კმარა"- მეფუტკრეთა გაერთიანება EU-ს ტენდერებში მონაწილეობის შესაძლებლობაზე

საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელი ალეკო  პაპავა ქართული ბიზნესის შესაძლებლობას  ევროპულ ტენდერებში მიიღოს მონაწილეობა „ბიზნესპარტნიორთან“ აფასებს.

მისი განცხადებით, იმისთვის, რომ ქვეყანამ და კერძო სექტორმა ეს შესაძლებლობა აითვისოს, საკითხისადმი მიდგომა კომპლექსურად უნდა მოხდეს.

„მარტო ნება არ კმარა, თუ სხვა საშუალებები არ იქნა გამოყენებული, არაფერი არ იქნება. აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილი პროგრამების კიდევ უფრო გააქტიურება, პროცესში კერძო სექტორის ჩართვა იმისთვის, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა მაქსიმუმამდე იყოს აყვანილი,“-აცხადებს პაპავა.

მისი მტკიცებით, ეს შესაძლებლობა მცირე ტიპის კომპანიებს  დახვეწასა და განვითარებაში დაეხმარება.

„არიან მცირე მწარმოებლები, რომლებსაც თავიანთი ბრენდირებული თაფლი ჯერ არ აქვთ, თუმცა, როდესაც ბაზარზე გავალთ დ ევროკავშირის ბაზარზე თაფლი უფრო მოთხოვნადი გახდება, ეს მეწარმეები იფიქრებენ როგორც საწარმოო სიმძლავრეების გაფართოებაზე, ისე პროდუქციის ხარისხის კიდევ უფრო დახვეწაზე. ეს პროცესი დაწყებულია, არის მცირე საწარმოები, რომლებსაც თავიანთი სიმძლავრე აქვთ,თუმცა, სურვილი აქვთ კიდევ უფრო განვითარდნენ და პროდუქცია ბრენდად აქციონ. ამისთვის მათ დახმარება და ხელშეწყობა სჭირდებათ“-აცხადებს პაპავა.

მისი განცხადებით, გასულ წელს ქართლი თაფლი ევროპკავშირის(საფრანგეთი, გულგარეტი, გერმანია და ა.შ) ბაზარზე დაახლოებით  200 ტონამდე გავიდა,ეს პროცესი გრძელდება და ამ დროისთვის გასულ წელთან შედარებით უკვე ორჯერ მეტი თაფლია ექსპორტირებული.  ბოლო პერიოდში ქართული თაფლი ისრაელშიც იყიდება.

როგორც პაპავა აცხადებს, საკანონმდებლო კუთხით დასახვეწია კანონდებლობა, რომლის შემდეგაც მოხდება თაფლის სხვა პროდუქტების ექსპორტიც. მათ შორის, ყვავილის მტვერი, რძე, ფუტკრის შხამი და ასე შემდეგ. მისი განცხადებით, საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება ამ თემაზე აქტიურად მუშაობს.

შეგახსენებთ, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს გადაწყვეტილებით, ქართული კომპანიები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობას შეძლებენ.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ქართული მხარე ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოსთვის მხოლოდ საქონლის მიწოდებას შეძლებს. მათ შორისაა, მინერალური წყლები, თაფლი, ხილი.

 

Businesspartner