ბიზნესი
12/01/2021

McDonald's-ის ქართული ქსელი საქართველოში დამზადებული ბურგერის პურით მარტიდან მომარაგდება

მარტიდან McDonald's-ის ქსელში საქართველოში დამზადებული პური გამოჩნდება.

ქარხნის მშენებლობა უკვე დასრულებულია და ადგილზე რამდენიმე ტექნიკური სამუშაო დარჩა დასასრულებელი. „ბიზნესპარტნიორთან“ ბიზნესმენი თემურ ჭყონია განმარტავს, რომ ინვესტიციის მოცულობა 6 მლნ ევრომდეა, ბურგერის პურები კი ექსპორტზე აზერბაიჯანსა და რუსეთშიც გავა.

„ალბათ, თებერვალში, მაქსიმუმ მარტის ბოლოს დავამთავრებთ პურის გრანდიოზულ ქარხანას McDonald's-ისთვის და ბურგერის აბსოლუტურად განსხვავებული პური გამოვა. ზოგადად, რაც ევროპის McDonald's-ში უნდა დაინერგოს ხოლმე, ჯერ აქ ნერგავენ და მერე სხვაგან. ესეც ჩვენი მიდგომების თემაა. განსაკუთრებით ვუდგებით ამ საკითხს და ამიტომაც მოგვცეს უფლება. დაახლოებით 7 თვეა ქარხანას ვაშენებთ და უკვე ვასრულებთ. 60 მლნ ცალზე უნდა გამოვუშვათ. მოვამარაგებთ საქართველოს და ექსპორტზე გავიტანთ აზერბაიჯანში, სამხრეთ რუსეთში. იმპორტი საერთოდ აღარ იქნება. ინვესტიცია დაახლოებით 5-6 მილიონი ევროა“,- განმარტავს ბიზნესმენი.

Businesspartner