ბიზნესი
13/06/2022

მედჰაბი: პირბადეების გაყიდვები 90%-ით შემცირდა

სახარჯი მასალების იმპორტიორი კომპანია მედჰაბის  ხელმძღვანელის ოთარ კლდიაშვილის ინფორმაციით, პირბადეებზე მოთხოვნა დაახლოებით 90%-ით შემცირებულია.

როგორც მან jandacva.ge-ს განუცხადა, პირბადეები ჩინეთიდან შემოდის და მისი რეალიზაცია კომპანიის შემოსავლის დაახლოებით 5%-ს შეადგენს.

რაც შეეხება სადეზინფექციო სითხეებს, ამ კუთხით ინტერესი უფრო კორპორატიული სეგმენტიდანაა. საცალო სეგმენტისთვის კი ეს პროდუქტი მოთხოვნადი აღარ არის.

„ჩვენ იმპორტირებულ პროდუქციას სხვადასხვა  მაღაზიებს ვაწვდით, ასევე კლინიკებს. საცალო გაყიდვები შესაძლებელია ონლაინ ფორმატშიც. ინტერესია სარესტორნო ბიზნესიდადაც, ვთანამშრომლობთ სასტუმროებთანაც, სადაც სამედიცინო ხელთათმანები აქტიურად მოიხმარება,“-აცხადებს კლდიაშვილი.

მისივე განცხადებით, სამედიცინო სეგმენტიდან თანხის ამოღება ძალიან რთულია. განსაკუთრებით ეს კლინიკებს ეხება.

„რამდენიმე კლინიკასთან ვთანამშრომლობ და საკმაოდ რთული სიტუაციაა ამ მხრივ. პირდაპირი შესყიდვის ფორმით გვიკვეთავენ, მოვამარაგებთ და შემდეგ თანხის გადახდა 3-4 თვე ჭიანურდება. ამიტომ, მირჩევნია კლინიკის გარდა სხვა კომპანიები მოვამარაგო, მქონდეს ნაკლები შემოსავალი, ვიდრე მქონდეს მსხვილი შეკვეთა და შემდეგ სასამართლოში მქონდეს საქმე,“-აცხადებს კლდიაშვილი.

კომპანია “მედჰაბი”  2018 წელს დაფუძნდა. საქმიანობის სფეროს  საქართველოში სახარჯი მასალების იმპორტი და რეალიზაცია საქართველოში წარმოადგენს.

jandacva.ge

Businesspartner