ბიზნესი
06/03/2023

მეფრინველეობის სექტორი ქათმის ხორცსა და კვერცხზე ფასის შენარჩუნებას აანონსებს

მეფრინველეობის სექტორი ქათმის ხორცისა და კვერცხის ფასის სტაბილურად შენარჩუნებას აანონსებს.

როგორც მეფრინველეობის ასოციაციის ხელმძღვანელი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, ლარის კურსის გამყარებისა და ენერგომატარებლებზე შემცირებული ფასის ფონზე, სექტორი პროდუქტზე ფასების შენარჩუნებას ახერხებს.

„მიუხედავად იმისა რომ რუსეთიდან, მარცვლეულის იმპორტის კუთხით, ისევ რთული სიტუაციაა, არის სხვა დადებითი ფაქტორები, რაც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ქათმის ხორცისა და კვერცხის ფასი შევინარჩუნოთ. ბოლო პერიოდში, ლარის კურსი გამყარებულია, რუსული რუბლი მერყეობით გამოირჩევა, რაც მარცვლეულის ფასზე დადებითად აისახება, ამასთან, არც ენერგომატარებლები გაძვირებულა. შესაბამისად, ვინარჩუნებთ ფასს. ახლო მომავალში არც კვერცხის და არც ხორცის ფასი არ გაიზრდება,“ - განმარტა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.

მისივე თქმით, ბოლოს ქათმისა და კვერცხის ფასი, გასულ წელს გაიზარდა. 2022 წლის ბოლოსთვის მეფრინველეობის სექტორმა, გაზრდილი სახელფასო ხარჯისა და გაძვირებული მარცვლეულის გამო, ქათმის ხორცისა და კვერცის ფასების მატება ივარაუდა, თუმცა მაკროეკონომიკური ფაქტორების ფონზე, პროგნოზები შეიცვალა.

Businesspartner