ბიზნესი
14/08/2020

"მეიჯერელმა" მეოთხე ოფისი ბათუმში გახსნა

ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის (BPO Sector) სფეროში მოღვაწე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი „მეიჯერელი“ თბილისსა და ქუთაისში ოპერირებით არ შემოიფარგლა და კომპანიამ მეოთხე ოფისი ბათუმში გახსნა.

„უცხოური ინვესტიციების მოზიდვის გარდა, არსებული ინვესტორებისთვის ხელშეწყობა და მათი საქმიანობის გაფართოება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთ უმთავრეს საქმიანობაა. ამის მაგალითია კომპანია „მეიჯერელი”, რომლის საქმიანობაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის ზრდისთვის. კომპანიამ რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა საქართველოში ქართული ბიზნესის განვითარებისთვის. წელს კი, საქართველოს მასშტაბით, უკვე მეოთხე ოფისი გახსნა ბათუმში, სადაც წლის ბოლომდე 50-მდე ადამიანი დასაქმდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო პერიოდში მზარდია მოთხოვნა გერმანულენოვანი ბაზრისთვის საქართველოდან სერვისების დისტანციურად მიწოდებაზე,“ - განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.

„მეიჯერელი“ საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის სფეროში საქმიანობს.

კომპანიის 50 000-ზე მეტი თანამშრომელი 29 ქვეყანაში, 36 ენაზე ემსახურება 500-მდე საერთაშორისო ბრენდის მომხმარებელს. მეიჯერელი საქართველოში 2016 წელს შემოვიდა Arvato Bertelsmann-ის სახელით, 2019 წლის თებერვალში კი, რებრენდინგის შედეგად, წარმოიქმნა სრულიად ახალი ბრენდი Majorel-ი, რომელსაც თბილისის ორ ოფისში და ქუთაისში 1500-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული. საქართველოში შემოსვლის დღიდან მეიჯერელი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების დეპარტამენტთან მჭიდროდ თანამშრომლობს და ერთობლივად მრავალი პროექტის განხორციელება გახდა შესაძლებელი.

Businesspartner