ბიზნესი
14/09/2021

"მეტეხის კერამიკა" 2022 წელს 15 მლნ აგურის გამოშვებას გეგმავს

საწარმო "მეტეხის კერამიკა", რომელიც კასპში მდებარეობს, 2022 წელს 15 მლნ აგურის გამოშვებას აპირებს. 
 
როგორც კომპანიის დირექტორი დავით კაკაბაძე ამბობს, საწარმოში 2015 წელს, სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" თანამშრომლობით დაწყებული რეკონსტრუქციის შედეგად, დაინერგა ფართოფორმატიანი კერამიკული ბლოკების წარმოება, გაუმჯობესდა პროდუქციის ხარისხი და გაიზარდა მოცულობა.
 
მისივე თქმით, 2019 წელს სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, საწარმომ გამოუშვა 25 სახეობის პროდუქცია. საწარმოს წარმადობა 2015 წლიდან დღემდე 50-60%-ით არის გაზრდილი და წელიწადში 10 მლნ აგურს შეადგენს. ამასთან, საწარმო, მოთხოვნის ზრდიდან გამომდინარე, 2022 წლისთვის აპირებს გამოუშვას 15 მლნ აგური.
 
რეკონსტრუქციის შედეგად განხორციელებულმა ინვესტიციამ 3 მლნ ლარამდე შეადგინა. კომპანიას დაუფინანსდა საბანკო კრედიტის პროცენტი დაახლოებით 403,000 ლარის ოდენობით. სულ საწარმოში დასაქმებულია 150 ადამიანი.
საწარმო ენერგოხარჯების შემცირების მიზნით მზის ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს.
 
პროექტის ღირებულება 2,5 მლნ ლარია, საიდანაც პროგრამის "აწარმოე საქართველოში" მიერ გაწეული დაფინანსება 2,1 მლნ ლარია. მზის პანელების მონტაჟი 2021 წლის ოქტომბერში დაიწყება.
 
 
Businesspartner