ბიზნესი
17/05/2022

მგზავრების უბანი საგურამოში: სამშენებლო მასალების გაძვირების გამო 1 კვ.მ-ის ფასი გაიზრდება

რუსეთ-უკრაინის ომმა  პროექტ „მგზავრების უბანი საგურამოში“  გაყიდვები შეუმცირა. 

„მგზავრების“ დირექტორის მოადგილე მადლენა მანუსაჩიანი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ინტერესია დიდია ქართველების მხრიდან, თუმცა, მსხვილი ინვესტირებისგან თავს იკავებენ.

„გაყიდვები შემცირებულია იმასთან შედარებით, რაც ზოგადად  იყო ხოლმე, თუმცა, არ გაჩერებულა. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც  რუსეთ-უკრაინის ომის გამო გადაიფიქრეს ყიდვა. ამ კატეგორიას შემოსავალი უკრაინიდან და რუსეთიდან ჰქონდა.ზოგიერთს არასტაბილურობა აშინებს,“-აცხადებს მანუსაჩიანი.

მისივე განცხადებით, პროექტი აქტიურ სამშენებლო ფაზაშია შესული. 17 სახლი სრულად დასრულებულია. პროექტის პირველი ეტაპი, რომელიც 30 დასრულებულ სახლს გულისხმობს, 2023 წლის ზაფხულში დასრულდება.

რაც შეეხება ფასებს, მანუსაჩანის ინფორმაციით, სამშენებლო მასალებზე ფასის ზრდის გამო, კომპანიას მოუწევს კვადრატული მეტრის ღირებულება გაზარდოს. მისი  განცხადებით, ეს გარდაუვალი იქნება.

„მასალებზე გაზრდილი ფასი ჯერ არ აგვისახავს, რადგან  გაზრდილი ფასებით შესყიდვა ამ ეტაპზე არ გაგვიკეთებია. თუმცა, სამომავლოდ ეჭვი გვაქვს, რომ ფასის ზრდა გარდაუვალია,“-აცხადებს მანუსაჩიანი.

შეგახსენებთ, პროექტს სასტუმროების ქსელი “მგზავრები“ და ავეჯის მწარმოებელი ქართული კომპანია “ჰოუმმეიდი“ ერთობლივად ახორციელებენ.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 10 მლნ დოლარია.

პროექტი მოიცავს 5 ჰა დაცულ ტერიტორიას, სადაც მოეწყობა 140 კერძო სახლი, რესტორანი,2 საცურაო აუზი, აქედან საბავშვო, ფეხბურთის და კალათბურთის მოედანი, ჩოგბურთის კორტი, გამწვანებულ პარკი, მწვანე ღობეები, 8 მეტრიანი შიდა ქუჩები და პარკინგი.

კერძო სახლების ფართი 65 კვადრატული მეტრიდან იწყება, პროექტი ბარდება თეთრი კარაკასით. 1 კვადრატული მეტრის ფასი 700 დოლარიდან იწყება. სრულად პროექტი 2 წელში დასრულდება.

 

Businesspartner