ბიზნესი
26/10/2020

მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამაზე უპრეცედენტო მოთხოვნაა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამაზე განცხადებების მიღების ვადა დღეს იწურება.

3 კვირის განმავლობაში საკუთარი ბიზნეს იდეა 25 000-მდე მოქალაქემ დაარეგისტრირა.

„ბიზნესპარტნიორის“ დილის ეთერში სააგენტოს დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ წელს ამ მიმართულებით უპრეცედენტოდ მაღალი აქტიურობაა.

„2015 წლიდან კონკურსის ფარგლებში უკვე 6 000-ზე მეტი ბიზნეს პროექტი დაფინანსდა. რაც შეეხება მიმდინარე ნაკადს, ის თავისი ხასიათითა და შინაარსით უპრეცედენტოა. პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 40 მლნ ლარია, ხოლო გრანტის ზედა ზღვარი 20 000-დან 30 000 ლარამდე გაიზარდა. ამის გათვალისწინებით მომართვიანობის გაზრდას ველოდით. დღევანდელი მონაცემებით, 25 000-მდე განაცხადი გვაქვს მიღებული, რაც ყველაზე მაღალი რიცხვია“,- აღნიშნა ირაკლი გაბრიაძემ.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ სააგენტომ რეგისტრაციის ვადის კიდევ ერთი დღით გახანგრძლივება გადაწყვიტა.

„წუთში დაახლოებით 6 განცხადება შემოგვდიოდა. ეს საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. ამიტომ მივეცით მოქალაქეებს კიდევ ერთი დღე. ქართული ხასიათიდან გამომდინარე განცხადებების გამოგზავნა ბოლო დღემდე მივიყვანეთ, ასე რომ მინდა ვთხოვო ყველას, დღეს 6 საათამდე შეავსონ განცხადებები იმისთვის, რომ პრობლემა არ წარმოიქმნას. მართალია, განცხადებების მიღების ვადა 12 საათზე ამოიწურება, მაგრამ სჯობს თუ მას 6 საათამდე გადმოგზავნიან“,- განმარტა გაბრიაძემ.

Businesspartner