ბიზნესი
04/06/2021

მიწა, კერძო სახლები, პერიფერიები - რა მოთხოვნაა უძრავი ქონების ბაზარზე

Recov.ge-ს მონაცემებით, 2021 წლის პირველ კვარტალში თბილისში 7 738 ტრანზაქცია განხორციელდა. ეს გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს 4%-ით, 2019 წლის მონაცემებს კი 6%-ით აღემატება.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ „ფროფერთი ჯორჯიას“ დამფუძნებელი და მმართელი პარტნიორი ლიკა ქარდავა განმარტავს, ეს ფაქტი გარკვეულწილად რეგულაციების შემსუბუქებასა და ეკონომიკის ნაწილობრივ გახსნას უკავშირდება.

„კორონავირუსის პანდემიამ ადამიანებს დაანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის იზოლირებული საცხოვრებელი გარემო. ხშირ შემთხვევაში ეს გარემო სახლი-ოფისის ფუნქციასაც ითავსებს, რადგან უფრო და უფრო აქტუალური ხდება დისტანციური მუშაობა. მოთხოვნა განსაკუთრებით გაზრდილია ეკონომ კლასის ბიუჯეტურ უძრავ ქონებაზე. იგივეს ვერ ვიტყვით საშუალო და პრემიუმ კლასის უძრავ ქონებაზე. შეინიშნება პერიფერიებში გადანაცვლების ტენდენცია. იქ უფრო აქტიურად არის ბიუჯეტური უძრავი ქონების მიწოდება. შესაბამისად, ასეთ უბნებში გაზრდილია მოთხოვნაც.

ასეთი ტენდენცია არამარტო საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვის, ამერიკისთვისაც დამახასიათებელია. აქტიურად იზრდება ტრანზაქციები. ასევე იზრდება ფასების დინამიკაც. ექსპერტები შიშობენ კიდეც, რომ არ მოხდეს ე.წ ბაზრის გადახურება. თავის მხრივ ამ მდგომარეობას ხელი შეუწყო მთავრობების წამახალისებელმა პროგრამებმა,“ - აღნიშნა ქარდავამ.

მისივე თქმით, საქართველოში უძრავ ქონებაზე ფასების მატება უმნიშვნელოა და ის საშუალოდ 1-დან 2%-ის ფარგლებში მერყეობს. განსხვავებული ტენდენციებია საერთაშორისო ბაზრებზე.

„საქართველოსგან განსხვავებით საერთაშორისო ბაზრებზე ფასების მკვეთრი მატება შეინიშნება. უძრავი ქონების ფასები თითქმის 7%-ით არის გაზრდილი. ეს ჩვენთან არ მომხდარა. ჩვენთან ფასების ზრდა დაახლოებით 1-2%-ია. არის ქვეყნები, სადაც ფასების ზრდის პიკური მაჩვენებლები ფიქსირდება. სწორედ ეს ქმნის ბაზრის გადახურების წინაპირობას. მარტში უძრავ ქონებაზე ფასების დაახლოებით 24%-იანი ზრდა დაფიქსირდა ახალ ზელანდიაში“,- თქვა ქარდავამ.

„ფროფერთი ჯორჯიას“ მმართველი პარტნიორის განმარტებით, მზარდია მოთხოვნა მიწებზეც. აქ ფასების მატება უფრო დინამიურია.

„კერძო სახლებისა და მიწების მხრივ მზარდი ინტერესია. მოქალაქეებს სურთ, რომ ქალაქთან ახლოს შეიძინონ მიწის ნაკვეთები და ჰქონდეთ თავისი იზოლირებული კერძო სახლი. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ მომხმარებელს შეეცვალა პრეფერენციები. ეს კი მიწოდების ეტაპობრივად ცვლილებაზეც აისახება. დეველოპერები სწორედ ამ ახალ მოთხოვნებზე ეწყობიან. ფასები დედაქალაქთან ახლოს მდებარე ნაკვეთებზე მზარდია. შეთავაზებებიც უფრო და უფრო ლიმიტირებული ხდება.

რაც შეეხება საკურორტო ზონებს, ტრანზაქციების თვალსაზრისით გამოცოცხლება აქაც შეინიშნება. ამას ხელს უწყობს ტურიზმის გამოცოცხლება. უცხოელების მხრიდან არის დაინტრესება", - აღნიშნა მან.

რაც შეეხება პროგნოზებს, „ფროფერთი ჯორჯია“ ვარაუდობს, რომ უახლოეს მომავალში ზრდა საინვესტიციო ტიპის უძრავ ქონებაზე იქნება. ვარადუდს საფუძვლად ამჟამინდელი ტენდენცია უდევს, რომლის მიხედვით, ინვესტორები ფულის დაბანდებას უძრავი ქონების დარგში ამჯობინებენ.

Businesspartner