ბიზნესი
11/01/2021

“მოულოდნელი ცვლილება აბსოლუტურად თავდაყირა გვაყენებს“ - “რითეილ გრუპ ჯორჯია“

“რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორი რეზო მაღალაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“  ეკონომიკის გახსნის 1 თებერვლამდე გადავადების გადაწყვეტილებას აფასებს და აცხადებს, რომ კერძო სექტორისთვის აღნიშნული გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.

„სამწუხაროა, რომ შეზღუდვები გახანგრძლივდა. ჩვენ ველოდებოდით, რომ 18 იანვრიდან გავხსნიდით ქსელებს. იმედია, გვეტყვიან რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება.გადავადების წინაპირობა ჩვენთვის ცნობილი არ იყო, ვინაიდან, დეკემბრის შეხვედრების შემდეგ მთავრობასთან კომუნიკაცია არ გვქონია. გარდა ამისა, ხელისუფლებისგან მივიღეთ არაერთი შეექება იმაზე, თუ რითეილ სექტორმა როგორ კარგად ჩავატარეთ წინასაახალწლო პერიოდი უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით. ამიტომ, ოპტიმისტურად ვიყავით განწყობილნი“-აცხადებს მაღალაშვილი.

მისი შეფასებით, რითეილ სექტორს ახლა პესიმისტური სცენარით მოუწევს დაგეგმვა. მათ შორის, დგება თანამშრომლების ხელფასების  ვერ გაცემის ან დაგვიანების რისკი.

„ხელფასების უდიდესი ნაწილი გავეცით,ვალდებულებების დაახლოებით 70-80%-მდე ავანაზღაურეთ, ამან სახელმწიფოს 300 ლარიან დახმარებასთან ერთად სრულად აანაზღაურა ხელფასები. ეს ყველაფერი გათვლილი იყო იმ სცენარზე, რა დროსაც დეკემბერში 1 კვირა ვიმუშავებდით და  იანვარში, 18-დან განვაახლებდით მუშაობას. ახლა უნდა დავსხდეთ და დავითვალოთ რისი საშუალება გვექნება იანვარში,დაველაპარაკოთ ჩვენს თანამშრომლებს.  თუ არ ვივაჭრეთ საიდან უნდა გადავიხადოთ სრულად ხელფასები? შესაძლოა, ტექნიკურად არ გავათავისუფლოთ თანამშრომლები, მაგრამ  არის რისკი, რომ შეფერხდეს ანაზღაურებები ან სრულად ვერ გაიცეს. მოულოდნელი ცვლილება აბსოლუტურად თავდაყირა გვაყენებს“-აცხადებს რეზო მაღალაშვილი.

 მისი განცხადებით,შექმნილ სიტუაციაში ყველაზე ცუდია მოულოდნელი გადაწყვეტილებების მიღება, რადგან ამ სიტუაციაში ბიზნესს დაგეგმვის და ადაპტრების საშუალება არ ეძლევა.

„როდესაც იცი, რომ შემდეგი 2 თვე არის კონკრეტული სცენარი, ეგუები, თუნდაც მძიმე იყოს, ეს მაინც მართვადი პროცესია. არ არის მართვადი, როდესაც არ იცი, რა იქნება თუნდაც 2 კვირის შემდეგ. ეს გვინდა ავირიდოთ. აქ ბევრი ჯაჭვური რეაქციაა, ჩვენ ახლა არ ვიცით, გაზაფხულის სეზონისთვის საქონელი უნდა ვიყიდოთ თუ არა. 1 თებერვალი არის ნამდვილად 1 თებერვალი და გავიხსნებით თუ არა. ბევრ რამეზე გვექნება მთავრობასთან საუბარი“-აცხადებს მაღალაშვილი.

შეგახსენებთ, დღეს საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეკონომიკის გახსნა გადაიდო, წერტილოვანი შეზღუდვები, როგორც ამას მთავრობა უწოდებს, 1 თებერვლამდე გახანგრძლივდა. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები