ბიზნესი
28/11/2022

მყარდება ლარი, არ იაფდება იმპორტირებული პროდუქცია - მიზეზებს "შარმ-ტრეიდინგში" განმარტავენ

ლარის გაუფასურება იმპორტირებულ პროდუქციას აძვირებს, თუმცა, რა ხდება მაშინ, როდესაც კურსი მყარდება? ბოლო პერიოდში გამყარებული ეროვნული ვალუტა სავაჭრო ქსელებში არსებულ პროდუქციიაზე ამ დრომდე არ ასახულა.

„ბიზნესპარტნიორი“ დაინტერესდა უნდა ელოდოს თუ არა მომხმარებელი გამყარებული ლარის შემთხვევაში პროდუქციის გაიაფებას? 

სადისტრიბუციო კომპანია „შარმ-ტრეიდინგის“ ხელმძღვანელი ვახტანგ საძაგლიშვილი აცხადებს, რომ  ეროვნული ვალუტის გამყარებამ განაპირობა ის, რომ იმპორტირებული პროდუქცია უფრო მეტად არ გაძვირდა.

„ჩვენ იმპორტს ძირითადად რუსეთიდან ვახორციელებთ. ის ყველაფერი, რაც  ინტერნაციონალური ბრენდებია, იწარმოებოდა რუსეთის ქარხანაში. მას შემდეგ რაც ომი დაიწყო რუსეთსა და უკრაინას შორის, ინტერნაციონალურმა კომპანიების ნაწილმა შეაჩერა წარმოება, ზოგმა საერთოდ გაყიდა ქარხანა. შესაბამისად, მოწოდების ლოკაცია შეიცვალა. ახლა პროდუქცია მოგვაქვს ევროპიდან და თურქეთიდან, რამაც საგრძნობლად გაზარდა პროდუქტის შესასყიდი ფასი.  მაგალითად, ევროპაში ერთ კონკრეტული პროდუქტი დაახლოებით 30%-ით ძვირად იწარმოება, ვიდრე - რუსეთში,“-აცხადებს საძაგლიშვილი.

მისივე მტკიცებით, ამას ემატება გაძვირებული სატრანსპორტო ხარჯი.

სამომავლოდ, უნდა ელოდოს თუ არა მომხმარებელი იპორტიორებულ პროდუქციაზე ფასების შემცირებას, საძაგლიშვილი განმარტავს, რომ თუ ეროვნული ვალუტა სტაბილურად იმ ნიშნულზე დარჩა, რაზეც ახლაა, ფასები არ შეიცვლება. თუ გაგრძელდა გამყარება, ფასები აუცილებლად შემცირდება, ლარის კურსის  გაუფასურების შემთხვევაში კი მომხმარებელს იმპორტირებული პროდუქცია გაუძვირდება.

როგორც ცნობილია, კომპანია დისტრიბუციას უწევს ისეთ პოპულარულ ბრენდებს, როგორებიცაა:Unilever, Henkel, Schwarzkopf&Henkel, Eczacibasi, Tchibo, SCA, Carlsberg, 3M და სხვა.

რაც შეეხება ლარის კურსს, 25 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7088 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.29 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8220 ლარია. ევროს ცვლილებამ 0.02 თეთრი შეადგინა.

 

 

 

Businesspartner