ბიზნესი
10/01/2022

მთავრობა მედიკამენტების გაიაფებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამ კვირაში მიიღებს

მთავრობა მიმდინარე კვირაში მედიკამენტების ფასების შემცირებასთან დაკავშირებით კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს.

"მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით, ჩვენ ამ კვირაში უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რაც ჩვენი პროგნოზით, მნიშვნელოვნად შეამცირებს მედიკამენტების ფასებს. ფარმაცევტული ბაზრის ანგარიში დასრულებულია, კონკურენციის სააგენტომ დაასრულა უკვე მუშაობა. ჯანდაცვის ახალი მინისტრი, უკვე შეხვდა კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს. მათ ერთად დაგეგმეს შემდგომი გასატარებელი ღონისძიებები. ჩვენ ასევე ვაპირებთ, რომ გავხსნათ თურქეთის ბაზარიც, თურქეთიდან შემოვიდეს მაღალი ხარისხის მედიკამენტები, რაც ჩვენი პროგნოზით, გააიაფებს ფასებს მედიკამენტებზე.

ამას გარდა, ჩვენ ასევე ვიმუშავებთ კანონმდებლობაზე, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს სიტუაციას ამ მიმართულებით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მთავრობის დაპირება შესრულდა. "აზარტული თამაშების საკითხი დარეგულირდა ქვეყანაში. პარლამენტს კიდევ ერთხელ მადლობა, რომ მიიღეს შესაბამისი კანონი," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

შეგახსენებთ, რომ კონკურენციის სააგენტომ საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი შეისწავლა. უწყება სააფთიაქო ბაზრის ჰოლდინგური და არაპროფილური საქმიანობის შეზღუდვის გარდა, სააფთიაქო სისტემაში "თავისუფალი ფასწარმოქმნის" გადახედვასაც მოითხოვს. ქვეყნის პრემიერმა ბოლო პერიოდში არაერთხელ აღნიშნა, რომ მთავრობა მედიკამენტებზე მაღალი ფასების შეზღუდვის გამო კონკრეტული გადაწყვეტულებები უნდა მიიღოს

Businesspartner