ბიზნესი
19/03/2020

მთავრობა სურსათის 9 ძირითად პროდუქტზე ფასს აზღვევს

მთავრობა სურსათის 9 ძირითად პროდუქტზე ფასს აზღვევს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, სამინისტრპ მუშაობს საგანგებო მექანიზმზე, რომლითაც ფასებს გააკონტროლებს 9 ძირითად სასურსათო პროდუქტზე, ეს პროდუქტებია: ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა და ლობიო.

“ჩვენ სავალუტო რისკებისგან დაზღვევის მექანიზმი შევთავაზეთ ძირითად იმპორტიორებს, მსხვილ დისტრიბუტორებს. შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ფიქსირებულ საკურსო რეჟიმში გადავაზღვევთ განსხვავებას კონკრეტული ფასიდან და კონკრეტული გაცვლითი კურსიდან. მსხვილი მომწოდებლები კომპენსაციას მიიღებენ იმისათვის, რომ მათ ფასი შეინარჩუნონ  და არ გაზარდონ 9 მნიშვნელოვან პროდუქტზე, რომელზეც  დამოკიდებულია ჩვენი მოსახლეობის ძირითადი ნაწილის სასურსათო მომარაგება.

ბიზნესთან შეთანხმება შედგა, შესაბამისად, ჩვენ ავამოქმედებთ მექანიზმს.

მიწოდების ჯაჭვის სხვადასხვა რგოლში გაკონტროლდება ფასი, გვექნება მკაცრი მონიტორინგი იმისათვის, რომ კონკრეტულმა ოპერატორმა არ მოახდინოს ფასის სპეკულაციური ზრდა.

რაც შეეხება მარაგებს, ქვეყანაში ძირითადი სასურსათო მარაგები გვაქვს. იყო რამდენიმე პროდუქტზე შეფერხება, რაც, ერთი მხრივ, პანიკური შესყიდვებით იყო გამოწვეული და, მეორე მხრივ, კლიმატს უკავშირდებოდა. ამინდი გაუმჯობესდა; გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს მთელი დღის განმავლობაში იმისთვის, რომ ტვირთი, რომელიც არის სახმელეთო გზით შემომავალი საქართველოში ლარსიდან შემოვიდეს. გამოსწორდება მდგომარეობა შავ ზღვაზეც და გემებიდან სურსათის გადმოტვირთვა დაიწყება.

დაბოლოს, სურსათის დეფიციტის და ფასის ზრდის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის რეკომენდაციები  თითოეულმა მოქალაქემ გაითვალისწინოს“,-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები