ბიზნესი
15/03/2023

"მცირე მეურნეობებს ინვესტიციების განხორციელება მოუწევთ“ - მეფრინველეობის ასოციაცია

ბიზნესი მეხორცული ქათმის მინიმალური დაცვის რეგულაციების შესრულებაში პრობლემას ვერ ხედავს.

როგორც მეფრინველეობის ასოციაციის ხელმძღვანელმა, ზურაბ უჩუმბეგაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტა, დოკუმენტით მოთხოვნილი სტანდარტების 90% ქართულ ბაზარზე არსებულ ორგანიზებულ ფერმებში უკვე დანერგილია. მცირე მეურნეობებს კი მოუწევთ დამატებითი ინვესტიციების განხორციელება, მაგრამ ეს დიდ თანხებთან დაკავშირებული არ იქნება.

„პატარა ოჯახური მეურნეობები, რომლებსაც 1 000-1 500 ფრთა ჰყავთ, თავს არიდებენ გარკვეული სტანდარტების დაცვას, რადგან, რა თქმა უნდა ხარჯებთან არის დაკავშირებული. კანონი ამ ვითარებას სწორად დაარეგულირებს. ვფიქრობ, როდესაც გყავს ამ რაოდენობის ფრინვილი მეურნეობაში, უნდა გყავდეს შესაბამისად მომზადებული კადრიც, ამას მემგონი, რეგულაციებით განმარტება არც სჭირდება.

რაც შეეხება სადგომთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, ესეც ძალიან მარტივი შესასრულებელია. იქნება გარკვეული ინვესტიცია ჩასადები, მაგრამ ის ინვესტიცია იმ კომფორტით, რასაც შემდგომში ფრინველი მიიღებს, აისახება პროდუქტიულობაზე და ძალიან მალე იქნება ამოღებული.“-განმარტა უჩუმბეგაშვილმა.

მისივე თქმით, სტანდარტების დაცვისგან თავის არიდება ხშირად ხდებოდა დაავადებების გავრცელების მიზეზი.

„დღესდღეობით თუ არ გაქვს დაცული გარკვეული ნორმები, უბრალოდ, შედეგს ვერ მიიღებ. არც ნამატი ექნება ფერმას, არც ზრდა და მეურნეობა წამგებიანი იქნება. ამიტომ აქცევენ ფერმერები ამ მიმართულებას ყურადღებას. ძალიან მარტივად შესასრულებელი რეგულაციებია და პრინციპში, ის რასაც ვაკეთებთ დღეს ჩვენი პრაქტიკული გამოცდილებით და რეკომენდაციებით, მომავალში კანონით იქნება დარეგულირებული. სხვა არაფერი იცვლება,“-განმარტა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.

ცნობისთვის, მთავრობამ მეხორცული ქათმის მინიმალური დაცვის წესი დაამტკიცა. ის არ ვრცელდება სადგომზე, სადაც ინახება 500-ზე ნაკლები ქათამი. წესი ვრცელდება სადგომზე, რომელიც ინახავს როგორც სანაშენე, ასევე გამოსაზრდელ ქათმებს.წესის შესრულებაზე კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.

დოკუმენტის თანახმად, გუნდის (ქათმების ჯგუფის) მაქსიმალური სიმჭიდროვე სადგომში ან სადგომის საფრინველეში, ნებისმიერ დროს, არ უნდა აღემატებოდეს კვადრატულ მეტრზე 33 კილოგრამს. თუმცა გამონაკლის შემთხვევებში დასაშვებია ეს მაჩვენებელი მაქსიმუმ 39 კგ იყოს.

ამასთან, მომვლელს უნდა ჰქონდეს სერტიფიკატი, რომელიც შეთანხმებულია სამინისტროსთან. რაც შეეხება სადგომთან დაკავშირებულ სხვა მოთხოვნებს, დოკუმენტის თანახმად, კვება არ უნდა იქნეს შეწყვეტილი ქათმების მოსალოდნელ დაკვლამდე 12 საათით ადრე; ვენტილაცია საკმარისი უნდა იყოს გადახურების თავიდან ასაცილებლად და, საჭიროების შემთხვევაში, გათბობის სისტემებთან ერთად, ზედმეტი ტენის მოსაცილებლად; ხმაურის დონე უნდა იყოს მინიმუმამდე დაყვანილი.

ვენტილატორები, კვების დანადგარები ან სხვა აღჭურვილობა უნდა იყოს აშენებული, განლაგებული, ექსპლუატირებული და შენახული ისე, რომ გამოიწვიოს ხმაურის მინიმალური დონე.

მეხორცული ქათმის მინიმალური დაცვის წესი 2028 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

Businesspartner