ბიზნესი
18/09/2023

მთვრალაშვილი: "შავი ბაზრის" არსებობა ნარჩენების მოპოვების პროცესში ავტორიზებულ ასოციაციებს ხელს უშლის

2023 წლის იანვრიდან ბიზნესს ელექტრონული მოწყობილობების, აკუმულატორების, მეორადი ზეთებისა და საბურავების ნარჩენების შეგროვებისა და გადამუშავების ვალდებულება გაუჩნდათ.

როგორც ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა, ვანო მთვრალაშვილმა გადაცემა "ბიზნესი რუსთავი 2-ს“ განუცხადა, სექტორში არსებობს "შავი ბაზარი", რომლის არსებობაც ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს. გარდა ამისა, ის ნარჩენების მოპოვების პროცესში ავტორიზებულ ასოციაციებს ხელს უშლის.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ავტორიზაციას სულ სამი ასოციაცია ფლობს, რომელთა შორისაც ბიზნეს ასოციაციაცაა, რომელსაც სამი სახის ნარჩენის, საბურავების, ზეთისა და აკუმულატორების ამოღება და გადამუშავება დაევალა.

"წლის დასაწყისიდან  ამ დრომდე, საბურავის შემთხვევაში 800 ტონამდე, ზეთების შემთხვევაში 600 ტონა, ხოლო აკუმულატორების შემთხვევაში 200 ტონა ნარჩენი გვაქვს ამოღებული, რომლებსაც ნებართვის მქონე გადამამუშავებელ საწარმოში ვუშვებთ გადასამუშავებლად.

ქვვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ვგულისხმობ, "შავი ბაზრის" არსებობას,   პროცესის მიმდინარეობით კმაყოფილები ვართ და ვფიქრობ, წლის ბოლომდე მაჩვენებელი გაორმაგდება,"-აცხადებს მთვრალაშვილი.

მისივე ცნობით, აღნიშნული ნარჩენების მოპოვება ბიზნეს ოპერაციებისთვის საკმაოდ მომგებიანია, შესაბამისად ადამიანები, რომლებიც ამ ბიზნესით წლების განმავლობაში იყვნენ დაკავებული და ავტორიზაცია არ აქვთ, საქმიანობას კვლავ აგრძელებენ.

მთვრალაშვილი განმარტავს, რომ მათი მიზანი ასეთი ადამიანების ბაზრიდან განდევნა კი არა, არამედ მათთან პარტნიორობაა, რომლებთანაც მუდმივ კომუნიკაციაში არიან. თუმცა, მისი განცხადებით, კანონის აღსრულების საკითხი, რომელიც აღნიშნულ პრობლემას დაარეგულირებს და "შავ ბაზარს" შეავიწროებს, მეტად გასააქტიურებელია და ქმედითი ღონისძიებებია ჩასატარებელი.  

 

 

 

 

Businesspartner