ბიზნესი
20/07/2020

მუხიანსა და გლდანს შორის ახალი საცხოვრებელი უბნის მშენებლობა პანდემიამ დროებით შეაჩერა

მუხიანსა და გლდანს შორის ახალი საცხოვრებელი უბნის მშენებლობის პროექტი პანდემიამ შეაჩერა, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“  პროექტის ინვესტორი კომპანიების  „ბრუმველისა“ და კომპანია „ბისიდის“, პარტნიორმა საქართველოში „გლობალ უნი გრუპის“ დირექტორმა განუცხადა.

დავით ალექსიძის ინფორმაციით, ინვესტორი კომპანიის წარმომადგენლები პანდემიის გამო კავშირზეც არ იყვნენ, სამუშაო პროცესი კი, რომელიც ფინანსური დოკუმენტაციის მომზადებას გულისხმობს, რამდენიმე კვირაა დაიწყო.

ალექსიძისთვის უცნობია როდისთვის დასრულდება ფინანსურ საკითხებზე მუშაობა და როდის შეძლებს კომპანია სამშენებლო სამუშაოების დაწყებას.

საუბარია, მუხიანსა და გლდანს შორის 60 ჰექტარის ტერიტორიაზე. პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია სპორტული და საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროს,  2 სკოლის,  2 საბავშვო ბაღის, ასევე საზოგადეობრივი ადგილების, დასასვენებელი და სავაჭრო ცენტრების მოწყობა. რაც შეეხება ინვესტიციას, ინვესტორები პროექტში ჯამში 230-250 მლნ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავენ.

შეგახსენებთ, კომპანია  „გლობალ უნი გრუპი“ უცხოელი ინვესტორების მეშვეობით მშენებლობის დაწყებას ჯერ კიდევ 2017 წელს გეგმავდა, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო დღემდე გაჭიანურდა.

ინვესტორ კომპანიას „ბრუმველი“, რომელიც მუხიანსა  და გლდანს შორის პროექტირების პროცესშია ჩართული, დეველოპმენტის კუთხით გამოცდილება აქვს აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ისრაელში, ბოლო პროექტი კი, რომელიც განახორციელა, პრაღაში საცხოვრებელი დასახლების შექმნაა. რაც შეეხება მის პარტნიორ ქართულ კომპანიას, გლობალ უნი გრუპს (GUG) - ბიზნეს კონსულტაციებსა, ინვესტიციების და ვაჭრობის ხელშწყობაზე ორიენტირებული კომპანიაა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები