ბიზნესი
09/12/2021

ნათია თურნავა: საქართველოს რკინიგზა განვითარების დადებით გზას ადგას

სარეიტინგო კომპანია S&P Global-მა საქართველოს რკინიგზის რეიტინგის პროგნოზი გააუმჯობესა და ნეგატიურიდან სტაბილურზე გადაიყვანა.

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ეს ადასტურებს, რომ საქართველოს რკინიგზა სტრატეგიული კომპანია და არის საკმაოდ მდგრადი. მ

ისი თქმით, 2021 წლის 9 თვეში სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვები დაახლოებით 12%-ით არის გაზრდილი, ორნიშნა ზრდაა რკინიგზის შემოსავლებშიც.

„საქართველოს რკინიგზამ," პანდემიის მიუხედავად, მოიზიდა საკმაოდ სოლიდური დაფინანსება საერთაშორისო საფინანსო ბაზრებიდან, განათავსა ევრობონდები - ეს არის ე.წ. მწვანე ბონდები. რკინიგზა დღეს არის  ეკოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ტრანსპორტი, რაც ჩვენთვის, ტურისტული ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვაკვირდებით პოზიტიურ ტენდენციებს და დარწმუნებული ვართ, რომ რკინიგზა, როგორც ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფო კომპანია, განვითარების დადებით გზას ადგას," - განაცხადა მინისტრმა. 

სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, „საქართველოს რკინიგზის" პროგნოზის გაუმჯობესება მიმდინარე წელს ტვირთბრუნვის სტაბილურმა ზრდამ და გაუმჯობესებულმა საოპერაციო მაჩვენებლებმა განაპირობეს. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია 2021 წელს განხორციელებული რეფინანსირება, რის მიხედვითაც საქართველოს რკინიგზამ" სასესხო ხარჯი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.

Businesspartner