ბიზნესი
08/09/2021

"ნიკორამ" 2021 წლის პირველი ნახევარი 12.1 მლნ-იანი მოგებით დაასრულა

„ნიკორა“ მოგებაზე აცხადებს. საქართველოს ერთ-ერთმა უდიდესმა საკვების მწარმოებელმა და საცალო მოვაჭრემ წლის პირველი ნახევარი 12.1 მლნ ლარის მოგებით დაასრულა. გასულ წელს ჰოლდინგს 4.4 მილიონიანი ზარალი ჰქონდა.

2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით ჰოლდინგის სრულმა აქტივებმა ₾393.2 მილიონი შეადგინა, წინა წელს ეს მაჩვენებელი ₾340 მილიონი იყო. აქტივების ზრდა შედეგია „ნიკორა ტრეიდის“ სუპერმარკეტების ქსელის გაფართოებით, ასევე გაზრდილი ბრუნვისთვის საჭირო მიმდინარე აქტივების მატებით.

წლის პირველ ნახევრაში ჯგუფის კონსოლიდირებულმა გაყიდვებმა ₾351 მილიონი შეადგინა. წლიურ ჭრილში ზრდა 21.8%-ია. მიმდინარე წელს გაზრდილია საერთო მოგების მარჟაც და 29%-ს შეადგენს.

ამჟამად ,„ნიკორა ჯგუფი“ არის ₾603 მილიონიანი ბრუნვის მქონე ბიზნესი, რომელშიც დასაქმებულია 7 005 თანამშრომელი და მოიცავს საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიას.

ჰოლდინგურ კომპანიას 14 მოქმედი შვილობილი ჰყავს და სრულად აკონტროლებს ყველა შვილობილი კომპანიის საოპერაციო და ფინანსურ საქმიანობას.

 

Businesspartner