ფოტო: stock.adobe.com
ბიზნესი
09/11/2021

OECD/INFE: პანდემიის პერიოდში, მეწარმეთა 79%-ს ბრუნვა, 81%-ს კი მომგებიანობა შეუმცირდა

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის "ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელმა" (OECD/INFE) 2021 წლის საერთაშორისო კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, სადაც ასევე ასახულია COVID 19-ის პანდემიის გავლენა ბიზნესის სხვადასხვა მაჩვენებელზე.

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტად კოვიდმა ზეგავლენა მოახდინა ბიზნესის ბრუნვასა და მომგებიანობაზე. კერძოდ, მეწარმეთა 79% ბრუნვის, ხოლო 81% - მომგებიანობის მნიშვნელოვან ან, ზოგადად, შემცირებაზე მიუთითებს.

ყველაზე ნაკლებად პანდემიამ კომპანიის ვალდებულებებსა და თანამშრომელთა რაოდენობაზე მოახდინა გავლენა. მეწარმეთა 52% აღნიშნავს, რომ პანდემიის შედეგად მათი ვალდებულებები არ შეცვლილა, ხოლო 72% მიუთითებს, რომ მათი თანამშრომლების რაოდენობა უცვლელი დარჩა.

აქვე გასათვალისწინებელია, რომ გამოკითხული ბიზნესების 38% თვითდასაქმებული მეწარმეა, ანუ მათ დაქირავებული თანამშრომლები არ ჰყავთ. მეწარმეების თითქმის ნახევარი აღნიშნავს, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ, მათი ბიზნესი აღმოჩენილა ისეთ სიტუაციაში, როცა ფულადი შემოსავლები არ იყო საკმარისი ვალდებულებების დასაფარად ან ბიზნესის მოსალოდნელი ხარჯების ასანაზღაურებლად.

პრობლემის მოსაგვარებლად 46%-მა შეამცირა ბიზნესის საოპერაციო ხარჯები, 38%-მა გამოიყენა მფლობელის პირადი/საოჯახო თანხები ან კრედიტი, ხოლო 38%-მა დროებით შეაჩერა ბიზნეს საქმიანობა.

რაც შეეხება ბიზნესისთვის სესხის საჭიროებას, პანდემიის დაწყების შემდეგ სესხის მოთხოვნა კომპანიების მეხუთედმა გააკეთა, საიდანაც 66%-მა სრულად მიიღო მოთხოვნილი თანხა. ხოლო იმათგან, ვისაც სესხზე განაცხადი არ გაუკეთებია, 64%-მა განაცხადა, რომ ამის საჭიროება არ ჰქონდათ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კვლევა საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით, "ევროპული ფონდის სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპისათვის“ განვითარების პროგრამის (EFSE DF) ფინანსური მხარდაჭერით, კვლევისა და საკონსულტაციო კომპანია ACT-ის მიერ განხორციელდა. კვლევის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, გამოიკითხა ათასი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელი. გამოიკითხნენ პირები, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართულნი კომპანიის ფინანსური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. კვლევის მიზნებისთვის შეირჩა ორგანიზაციები  1,5 მილიონ ლარამდე წლიური ბრუნვითა და 50-მდე თანამშრომლით.

Businesspartner