ბიზნესი
15/09/2021

ოკტოპუს ფიტნეს კლუბი: ოპერირება არ ღირს, თუმცა არსებობს გასასტუმრებელი ვალდებულებები

„ოკტოპუს ფიტნეს კლუბის“ დირექტორი გიორგი ასათიანი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ  სექტორში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა, მიღებული შემოსავალი კი ხარჯებს ვერ ფარავს.

მისი ინფორმაცით, ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას დაემატა გაზრდილი კომუნალური გადასახადები.

„მომართვიანობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20-25%-ით შემცირებულია, 2019 წელთან შედარებით კი შემოსავალი თითქმის 40-45%-ით ნაკლებია. რაც შეეხება ხარჯებს, როდესაც ტრანსპორტი არ მუშაობდა დაგვემატა თანამშრომლების ტრანსპორტირების ხარჯი, ელექტროენერგიის გადასახდს თუ კილოვატზე 21 თეთრს ვიხდიდით, ახლა 33 თეთრის გადახდა გვიწევს. დიდია კოვიდ უსაფრთხოების საოპერაციო ხარჯებიც,“ - აცხადებს ასათიანი.

„ოკტოპუს ფიტნეს კლუბის“ დირექტორი აცხადებს, რომ შექმნილ სიტუაციაში კომპანიამ მომსახურბა მხოლოდ 10%-ით გააძვირა. ასათიანი აცხადებს, რომ ფასის უფრო მეტად გაზრდა უკუეფექტს მოიტანს.

კითხვაზე, შექმნილი გარემოებების და შედეგების გათვალისწინებით, ღირს თუ არა მუშაობის გაგრძელება, ასათიანი აცხადებს, რომ თუ შეხედავ მხოლოდ ბიზნეს სურათს, ოპერირება არ ღირს, თუმცა არსებობს პირადი ვალდებულებები, რომელიც შესასრულებელია.

„გვაქვს ვალდებულება როგორც ბრენდთან, ისე ბანკებთან, შესაბამისად, ასე ერთი ხელის მოსმით დახურვა ვერ გამოვა. ამას არც განივიხილავთ,“ - აცხადებს ასათიანი.

ფიტნეს კლუბი „ოკტოპუსი“  2016 წლის ზაფხულში გაიხსნა. დღეს ის 3 ფილიალით არის წარმოდგენილი. „ოკტოპუსი“ აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის Lifefitness-ის და Tecnogym-ის ტრენაჟორებით.

 

Businesspartner