ბიზნესი
13/09/2021

ოკტოპუს ფიტნეს კლუბი: თანამშრომელთა 90% აცრილია

„ოკტოპუს ფიტნეს კლუბის“ 90% აცრილია, სექტემბრის ბოლოსთვის კი  ეს მაჩვენებელი 100%-ს მიაღწევს, - ამის შესახებ jandacva.ge-სთან კომპანიის დირექტორმა გიორგი ასათიანმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, კომპანიაში თანამშრომლების წარმატებული ვაქცინაციისთვის „ოკტოპუს ფიტნეს კლუბს“  არ დასჭირვებია დამატებითი საინფორმაციო კამპანია, რამდენადაც თანამშრომელთა თითქმის უმრავლესობა თანახმა იყო ვაქცინაციაზე.

„ოკტოპუს ფიტნეს კლუბის“ დირექტორი განმარტავს, რომ სექტორში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა, კომპანიის მიღებული შემოსავალი კი ხარჯებს ვერ ფარავს. ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას დაემატა კომუნალური გადასახადების მხრივ გაზრდილი ხარჯიც.

„მომართვიანობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20-25%-ით შემცირებულია, 2019 წელთან შედარებით კი შემოსავალი თითქმის 40-45%-ით ნაკლებია. რაც შეეხება ხარჯებს, როდესაც ტრანსპორტი არ მუშაობდა დაგვემატა თანამშრომლების ტრანსპორტირების ხარჯი, ელექტროენერგიის გადასახდს თუ კილოვატზე 21 თეთრს ვიხდიდით, ახლა 33 თეთრის გადახდა გვიწევს. დიდია კოვიდ უსაფრთხოების საოპერაციო ხარჯებიც,“ - აცხადებს ასათიანი.

ფიტნეს კლუბი „ოკტოპუსი“  2016 წლის ზაფხულში გაიხსნა. დღეს ის 3 ფილიალით არის წარმოდგენილი. „ოკტოპუსი“ აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის Lifefitness-ის და Tecnogym-ის ტრენაჟორებით.

 

 

Businesspartner