ბიზნესი
13/05/2022

ოთარ შამუგია: რუსთავში გარემოსდაცვითი ვალდებულებები სრულად უნდა შესრულდეს

რუსთავში მოქმედი მსხვილი საწარმოები გარემოსდაცვითი რეგულაციებით გათვალისწინებული სისტემების მონტაჟს სრულად, სავარაუდოდ ზაფხულში დაასრულებენ.

რუსთავის ეკოლოგიური ვითარების გაუმჯობესების მიზნით კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის საკითხები კომპანიებთან ერთად გარემოს დაცვის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განიხილა. 

მხარეთა შეხვედრაზე აღინიშნა, რომ განსაზღვრულ ვალდებულებებს საწარმოების უმეტესობა შემუშავებული გეგმის მიხედვით ახორციელებს.

"მოქმედი კანონმდებლობა საწარმოებს ავალდებულებს განახორციელონ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის მონიტორინგი და აღჭურვონ საწარმოები შესაბამისი მოწყობილობებით, რაც ჰაერის ხარისხის მაჩვენებლებს გააუმჯობესებს. საწარმოების ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე განვიხილეთ უკვე განხორციელებული ღონისძიებები. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს გარკვეული პროგრესი, თუმცა დაწყებული სამუშაოები უნდა შესრულდეს სრულად; საწარმოებმა უნდა შეასრულონ კანონით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება. ჩვენ ამ პროცესს მუდმივ მონიტორინგს ვუწევთ",- განაცხადა ოთარ შამუგიამ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ქალაქ რუსთავში, საწარმოების მონიტორინგი რამდენჯერმე განახორციელა, რომლის ფარგლებში, ოთხი მსხვილი კომპანია შემოწმდა და ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონის აღსრულების და დაწესებული ვალდებულებების შესწავლა მოხდა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები