ბიზნესი
14/09/2020

პანდემიის მიუხედავად Universal Pictures-ს საქართველოში ფილმის წარმოების ინტერესს არ კარგავს

Universal Pictures-ს საქართველოში ფილმის წარმოების შესაძლებლობით კვლავ დაინტერესებულია.

გადასაღებად საინტერესო პოტენციალის მქონე ადგილებს ამერიკელი სკაუტები 14-18 სექტმებერს გაეცნობიან. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციით, სტუმრები ამ პერიოდის განმავლობაში გორს, ვარძიას, ქვიშხეთს, ანანურს, ყაზბეგსა და სხვა რამდენიმე ადგილს დაათვალიერებენ, ასევე გაეცნობიან საქართველოს კრეატიულ ინდუსტრიასა და მის პოტენციალს.

„ვიზიტის ბოლოს ფუნიკულიორის ღონისძიებათა დარბაზში გაიმართება მასტერკლასი შემოქმედებით ინდუსტრიაში ჩართული და დაინტერესებული პირებისთვის. Universal Pictures-ის წარმომადგენლები საზოგადოებას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. ასევე, ისინი ისაუბრებენ ლოკაციების დათვალიერებისა და შერჩევის სპეციფიკაზე.

საქართველოში კინო ინდუსტრიის განვითარებისა და ხელშეწყბის მიზნით, აღნიშნული ტურის მეორე ეტაპიც იგეგმება 2021 წლის გაზაფხულზე. ქვეყანას კვლავ ესტუმრებიან Universal Pictures-ის გავლენიანი პროდიუსერები, რომელთაც არაერთ მაღალბიუჯეტურ, წარმატებულ ფილმზე აქვთ ნამუშევარი“,- წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი, მიხეილ ხიდურელი მიიჩნევს, რომ ისეთ წამყვან კომპანიებთან თანამშრომლობა, როგორიც Universal Pictures-ია, კრეატიული ეკონომიკის განვითარების აუცილებელი წინაპირობაა.

Businesspartner